2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 46,659 იყო.
გარდაცვალების შემთხვევათა 5,1% ლაბორატორიულად იდენტიფიცირებული ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებაზე მოდის – ინფექციას შარშან 2,587 ა დამიანი ემსხვერპლა.
საქსტატის მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 43.8 პროცენტი, სიმსივნეები -16.0 პროცენტი და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები -7.9 პროცენტი.
5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში სჭარბობს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში სჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებითა და სიმსივნეებით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად გავრცელებულია 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით 216-ით გაიზარდა სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევები – ამ მიზეზოთ გასულ წელს 8,089 ადამიანი დაიღუპა.
მზარდია სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაც – გასულ წელს ამ მიზეზით, წინა წელთან შედარებით თითქმის 700-ით მეტი, 22,126 ადამიანი გარდაიცვალა.