ტოქსიკოლოგი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე ბოლო კვირებში მოწამვლის შემთხვევების გახშირებაზე საუბრობს და ამ ტენდენციას მოსახლეობის „თავისუფალ ქცევას“ უკავშირებს. მისი თქმით, ბოლო 3 კვირის სტატისტიკით, თბილისში მოიმატა მწვავე მოწამვლებით განვითარებული გართულებების და ამ მიზეზით ჰოსპიტალიზაციის რიცხვმა. შემთხვევების უმეტესობა კი ალკოჰოლურ ან ნარკოლოგიურ ინტოქსიკაციას ან ორივეს ერთად უკავშირდება. მისი თქმით, მეღვინეობის უძველესი ტრადიციის ქვეყანაში აღინიშნება ტენდენცია, რომ ღვინის გაყიდვები შემცირდა და მოიმატა 40 და მაღალგრადუსიანი სასმელების რეალიზაციამ.
„მანამდე ასეთი შემთხვევები კანტი-კუნტად იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მიზეზი მოსახლეობის თავისუფალი ქაცევაა. ადამიანები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს,“ – განაცხადა კობიძემ და აღნიშნა, რომ საკურორტო სეზონის პერიოდში მოწამვლის შემთხვევების კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით მთის საკურორტო ზონებში. ამიტომ, ტოქსიკოლოგი მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს, რომ მაღალი სიცხეების პერიოდში, რაც უახლოესი 8 დღის განმავლობაშია პროგნოზირებული, თავი შეიკავონ ალკოჰოლის, განსაკუთრებით მაღალგრადუსიანი სასმელების მიღებისგან. მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული პრაქტიკა გახდა ლუდთან ერთად არყის მიღება. მისი მოწოდებაა, მოსახლეობამ თავი შეიკავოს ენერგეტიკული და მაღალგრადუსიანი სასმელებისგან დამზადებული კოქტეილების მიღებისგან. ტოქსიკოლოგის კიდევ ერთი რჩევაა, ცხელ დღეებში გავზარდოთ წყლისა და ხილის წვენის მიღება, ვერიდოთ მზეზე ყოფნას და პლაჟზე დილის 12-14 საათამდე, ხოლო საღამოს 16 საათის შემდეგ გავიდეთ.