შეიცავს თუ არა კოვიდ-პასპორტოს ამოქმედება დისკრიმინაციას? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, ეს პრინციპი დისკრიმინაციული ნამდვილად არ არის, რადგან კოვიდ-პასპორტში განსაზღვრულია, რომ დატანილი იყოს როგორც ვაქცინაციის საკითხი, ისე PCR-ტესტის პასუხი.
“დღეს, მაგალითად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაღაზიაში შესვლისას უნდა წარადგინო უარყოფითი PCR-ტესტი. ჩვენს ქვეყანაში კი მის წარდგენას რესტორანშიც არავის სთხოვენ ანუ არავინ გჩაგრავს, თუ ორჯერადი აცრა არ გაქვს გაკეთებული. აქ პრივილეგიაზე კი არ არის საუბარი, საქმე ეხება უსაფრთხოებას. აცრა ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოა ადამიანი თავისი თავისთვის და სხვისთვის, ასეა ეს მაშინაც, როცა მოქალაქემ PCR-ტესტი გაიკეთა. ასე უნდა მივუდგეთ. აცრა პროვილეგია კი არ არის, უსაფრთხოებაა”, – აღნიშნა იმნაძემ.
“Covid-პასპორტის ორი ფორმა არის შემუშავებული, თუმცა ველოდებით საერთაშორისო რეკომენდაციებს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
“კოვიდ-პასპორტის შემადგენელი ნაწილი ახლაც გაიცემა უპრობლემოდ; სისტემა, რომელშიც აისახება ვაქცინაცია, აღრიცხულია, რომელი ვაქცინით და როდის აიცრა მოქალაქე და ა.შ. მე ვიცი, რომ მოქალაქე, რომელიც მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, აცრის დამადასტურებელი მოწმობა ქართულ-ინგლისურად უპრობლემოდ ამობეჭდა სისტემიდან. დოკუმენტში დატანილია პირადი მონაცემები, QR-კოდიც, რომლითაც ადამიანი გავა საზღვარგარეთ. კოვიდ-ტესტის პასუხიც კი კოვიდ-პასპორტის შემადგენელი ნაწილია.
ჩვენ ორი მოდელი გვაქვს კოვიდ-პასპორტის, ერთი არის ვებზე მიბმული, ხოლო მეორე აპლიკაცია, საიდანაც მოქალაქეებს სმარტფონში შეეძლებათ მისი ჩამოტვირთვა”, – განმარტა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, კოვიდ-პასპორტების გასაცემად გამზადებულია ყველაფერი, მაგრამ ელოდებიან საერთაშორისო რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს.