მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საკმარის ინფორმაციას ფლობს და მზადაა გადაწყვეტილების მისაღებად. კვლევის შედეგებს ACT აქვეყნებს.

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის განმარტებით, ასაკობრივ ჯგუფებს თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 55 წელს ზემოთ მოქალაქეების 80% ინფორმაციის მიღებისას ტელევიზიას ანიჭებს უპირატესობას, მაშინ როდესაც 18-34 წლის წარმომადგენელთა 87%-ისთვის, პირველ ადგილზე ინტერნეტი რჩება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ  მეგობარ-ახლობელთა, როგორც სანდო წყაროდ დასახელების მაჩვენებელი, თანაბრად გაიზარდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, რაც სავარაუდოდ აცრილი მოქალაქეების  რეკომენდაციების შედეგია.

წინა ტალღასთან შედარებით 7%-ით გაიზარდა ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის მზაობა და დღეს, თბილისელების 45%-ი მზადაა ან  დანამდვილებით ამბობს, რომ ჩაიტარებს ვაქცინაციას. საინტერესოა, რომ ვაქცინაციისთვის მზაობა ყველაზე უფრო აქტიურად  35-54 წლის მოქალაქეებში (48%) იკვეთება და ამ ასაკის თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე, მზად არის მის ჩასატარებლად. თუმცა, მიუხედავად ამ მცირედი პროცენტული ზრდისა, 44% მაინც მერყეობს (არ არის დარწმუნებული რომ გაიკეთებს ან არ სურს გაკეთება) და ამის მიზეზად, ვაქცინების მიმართ ზოგად უნდობლობასა და  შესაძლო გვერდით მოვლენებს ასახელებს.

მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისელების 79% -ს აზრით, ვაქცინაცია უდაოდ, ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ერთადერთი გზაა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა ტალღასთან შედარებით, ვაქცინების გვერდითი ეფექტების შიშმა მოსახლეობაში 6%-ით მოიმატა და  38%-მდე გაიზარდა. რაც ერთის მხრივ ლოგიკურია და დაკავშირებულია იმ ერთეულ შემთხვევებთან, როდესაც ვაქცინაციის პროცედურას პაციენტის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება ან გარდაცვალება მოჰყვა, როგორც  მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოში.

„გარკვეული დოზით  ესეც სადაო საკითხია, რადგან რიგ შემთხვევებში კავშირი ამ ორ ფაქტს შორის არ დასტურდება და ყველაფერი, მოსაზრებებსა და ვარაუდებს ეფუძნება. ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთანავე საქართველოში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევაც მოსახლეობის აღქმაში  უშუალოდ  ვაქცინაციის პროცესს და კონკრეტულ ვაქცინას  დაუკავშირდა. მოგვიანებით ექიმების მიმართ დაწყებულმა გამოძიებამ აღნიშნული შემთხვევის გვიანი სამედიცინო მართვის ნიშნები გამოკვეთა, თუმცა აღნიშნული ფაქტის არადროულმა და ბუნდოვანმა კომუნიკაციამ გაჩენილი აღქმის გაქარწყლება ბოლომდე ვერ შეძლო. ამიტომ კვლევის თანახმად ასტრაზენეკას აცრისგან თავის შეკავების მიზეზებში უმრავლესობა სწორედ გვერდით მოვლენებს ასახელებს,“ – აღნიშნავს კვლევის ავტორი.

კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი ნდობა კვლავ ფაიზერს აქვს – 27%, შემდეგ მოდის ასტრაზენეკა  – 15%  და მოდერნა 15%. ყველაზე ნაკლები ნდობით  სპუტნიკი – 4%  და სინოფარმი 4% სარგებლობს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …