ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კომენდანტის საათის გადაწევასთან დაკავშირებით აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება არ იგეგმება.
“პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა. აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია”, – აცხადებს გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის განცხადებით, კოვიდ -19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს არ სჭირდებათ პირბადის ტარება ან სოციალური დისტანცირება დახურულ თუ ღია სივრცეში, გარდა გარკვეული გარემოებებისა.
”თუ სრულად ხართ აცრილი, შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი რამის გაკეთება, რაც პანდემიის გამო შეწყვიტეთ. გასულმა წელმა აჩვენა, რომ ეს ვირუსი შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს, ამიტომ თუ სიტუაცია გაუარესდა, ყოველთვის არსებობს შანსი, რომ ამ რეკომენდაციებში ცვლილებების შეტანის საჭიროება დადგეს,” – თქვა როშელ ვალენსკიმ ბრიფინგზე.
ამასთან, მოგზაურობის დროს ნიღბების ტარების მოთხოვნა – ავტობუსებში, მატარებლებში, თვითმფრინავებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ჯერ კიდევ ძალაშია.
ვალენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კოვიდ -19-ის სიმპტომები, ვაქცინირებულებმაც კი, პირბადე უნდა გაიკეთონ.
რაც შეეხება არა ვაქცინირებულ პირებს, ვალენსკიმ დასძინა: “თქვენ რჩებით მსუბუქი ან მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან დაავადების სხვაზე გავრცელების რისკის ქვეშ. თქვენ კვლავ უნდა გაიკეთოთ ნიღაბი და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ აცრა.”
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პირი სრულად აიცრება – საბოლოო დოზიდან ორი კვირის შემდეგ, შეუძლია პირბადე მოიხსნას.
რეკომენდაციის თანახმად, აღინიშნა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება განაგრძოს პირბადის ტარება მაშინაც კი, თუ სრულად აცრილია და ეს “კარგია”.