მკაფიო ვადები, ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ რა ვადებში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, არ არსებობს, თუმცა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღების, აცრის გაკეთების შემთხვევაშიც ალკოჰოლის მოხმარება ვაქცინაციამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არაა რეკომენდებული, ამასთან, მისი მიღება ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. ამის შესახებ განმარტებებს ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი აკეთებს.
„არ არსებობს ციფრები, რომ მაგალითად, ვაქცინის გაკეთებიდან ერთი თვე ან ორი კვირა ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. ამას შესაბამისი დადასტურება უნდა, თუმცა ვერცერთი მედიკამენტის ანოტაციაში ვერ ამოიკითხავთ, რომ შეიძლება მისი ალკოჰოლთან ერთად მიღება. ფარმაციის ამ წესიდან გამონაკლისი არც ვაქცინაა. მის ანოტაციაში მოცემულია გაფრთხილება, რომ სასურველია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება,“ – აცხადებს ნარკოლოგი. მისი განმარტებით, ხშირ შემთხვევაში, ვაქცინა გაკეთებიდან მეორე დღეს სუსტ რეაქციებს იწვევს, რომლის „წაშლაც“ ალკოჰოლს შეუძლია, რადგან სასმელი არის ორგანიზმში „აურზაური“, რომლის დროსაც მიმდინარეობს ცხელება, ნივთიერებათა ცვლა, შეცვლილია ფერმენტული რეაქციები და ა.შ.
„ამიტომ, როცა საუბარია მსოფლიოში, ადამიანის ნომერ პირველ მტერზე, ნუ შევხვდებით მას აურზაურით. ვაცალოთ ორგანიზმს, დაწყნარდეს, არ გამოგვეპაროს – ესაა ნაბახუსევის თუ ვაქცინის რეაქცია ან იქნებ სულაც კოვიდია. ამ სურათის წაშლა არ შეიძლება,“ – აცხადებს გური მენაბდიშვილი.
მისი რეკომენდაციაა, არც ვაქცინაციის დღეს და არც შემდეგ ერთი-ორი დღის განმავლობაში, ალკოჰოლი არ მივიღოთ.
რაც შეეხება მეტადონის პროგრამაში მყოფ და ცე ჰეპატიტის მქონე პირებს, ნარკოლოგის განმარტებით, თუ გამოხატული არაა რაიმე ალერგიული რეაქცია, რის შესახებაც პაციენტმა აცრის კაბინეტში ექიმს უნდა აცნობოს, ვაქცინაცია არათუ ხელისშემშლელი, აუცილებელიცაა.