დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინით აცრილია 17 492 ადამიანი, ხოლო ჯავშანი გაკეთებული აქვს 26 577 ადამიანს.
მისი განმარტებით, საქართველოს „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ჰქონდა, რომელიც ვაქცინაციისთვის ორ ნაწილად გაიყო.
„სინოფარმთან“ დაკავშირებით ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის მესამე ვაქცინა, რომლის ადმინისტრირება ქვეყანაში 4 მაისიდან დაიწყო. ამ ეტაპზე გვაქვს 100 ათასი დოზა. მინდა მოსახლეობისთვის ხაზი გავუსვა, რომ ეს 100 ათასი ორად იყოფა და აიცრება 50 ათასი მოქალაქე. დანარჩენი 50 ათასი ენახება ყველა მოქალაქეს მეორე აცრისთვის. დღევანდელი დღით, ქვეყანაში „სინოფარმით“ აცრილია 17492 ადამიანი, ასევე ჯავშანი აქვს გაკეთებული 26577 ადამიანს. ამავე დროს, „სინოფარმის“ გარკვეული დოზები მიმართულია ესენციური ჯგუფებისთვის ჩვენი ვაქცინაციის დანერგვის გეგმის მიხედვით. მოგეხსენებათ, „სინოფარმზე“ აცრები ხდება 18 წლის ზემოთ. 2 აცრას შორის შუალედი არის 28 დღე. თუმცა, ეს არის თვითონ ინსტრუქციით რეკომენდირებული პერიოდი, როდესაც ოპტიმალურია იმუნური პასუხის გამომუშავება. მინდა განვმარტო, რომ თუ რაღაც პირობების გამო, ადამიანი ვერ შეძლებს მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მეორე დოზა შესაბამისად მიიღოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ipn.ge