Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია „ბიზნესპარტნიორთან“ ტურიზმის სექტორში შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესის დაწყების დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რთულია იმის პროგნოზი, თუ ამ გადაწყვეტილებას რა შედეგი მოჰყვება, თუმცა, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება ტურიზმის აღდგენისთვის, მისასალმებელია.
როგორც კოკაია აცხადებს, ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია, მოხდეს ვაქცინის პოპულარიზაცია და მოსახლეობისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება.
„ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია და წარმოდგენები აქვს ჩვენს მოსახლეობას COVID ვაქცინასთან დაკავშირებით. აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრო გააქტიურდეს და ამ კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების სიას. ჩვენ მზად ვართ, სახელმწიფოს ჩვენთან დასაქმებული ადამიანის სია მივაწოდოთ, ვინც თანახმაა ვაქცინა გაიკეთოს,“ – აცხადებს კოკაია.
კითხვაზე, აქვს თუ არა კომპანიას წინასწარ, შიდა მოკვლევა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, პროცენტულად რა რაოდენობა იქნება თანახმა გაიკეთონ აცრა, კოკაია განმარტავს, რომ მსგავსი კვლევა არ არსებობს, თუმცა, მენეჯმენტის ყველა წევრი 100%-ით თანახმაა ვაქცინაცია ჩაიტაროს.
სოფო ქსოვრელი
„ეს გადაწყვეტილება გარანტიას არ გვაძლევს, რომ ზაფხულის სეზონი აღდგება. ახლაც ველოდებით გააქტიურებას, თუმცა, არის რიგი პრობლემები, რომლის მოგვარებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ტურიზმი აღდგეს. მათ შორის, აუცილებელია სახმელეთო საზღვრების გახსნა, თუნდაც იგივე პირობებით, როგორც საჰაერო საზღვრებია გახსნილი. მიმაჩნია, რომ ცოტა უფრო პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ვაქცინაცია აუცილებელია, მაგრამ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, რაც ხელს უშლის იმას, რომ ქვეყანაში ტურისტი ჩამოვიდეს,“ – აცხადებს კოკაია.
შეგახსენებთ, ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციისთვის შესაბამისი სიების შედგენაზე ნათია თურნავას უწყება მუშაობას კერძო სექტორთან იწყებს.
“ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სექტორი. ასევე მნიშვნელოვანია მარკეტინგული მხარდაჭერა, რომ მსოფლიომ შეიტყოს ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის COVID უსაფრთხო. ის კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება COVID უსაფრთხო სასტუმროებად, COVID უსაფრთხო რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ ესა თუ ის რესტორანი და სასტუმრო არის COVID უსაფრთხო”,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
business-partner.ge