საქართველოს საჯარო სკოლებსა და ბაღებში კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება. განათლების სამინისტროს 17-25 აპრილის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა.
სამინისტროს ცნობით, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი იმყოფება.
ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 123 მასწავლებელი იმყოფება.
ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, კოვიდ 19-ის დადასტურების შემთხვევაში, ბაღები ორი კვირით იხურება და ეს მაჩვენებელი იზრდება. რაც შეეხება დედაქალაქს: თუ ერთი კვირის წინ ამ მიზეზით დედაქალაქში 48 ბაღი იყო დახურული, ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე მათი რაოდენობა 71-ია, რაც დედაქალაქში მოქმედი ბაღების მესამედზე მეტია.