მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის კოვიდ-ვაქცინის გაკეთება მოუწევთ

საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის კოვიდ-ვაქცინის გაკეთება მოუწევთ

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი აქვთ, ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას ისრაელის სახელმწიფოსა და  საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმება ითვალისწინებს.  აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა. მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს.

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი  პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ.

დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

საქართველოში ისრაელის ელჩის რან გიდორის განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ამიტომ ისრაელის მხარე განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მიუდგა იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც გადიან საქართველოში. ასევე საქართველო ძალიან ახლოს არის ისრაელთან, მხოლოდ ორი საათია საჭირო საქართველოდან ისრაელში ჩასასვლელად. ისრაელში მცხოვრები ასი ათასზე მეტი ადამიანი არის საქართველოდან. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს მენტალობის, კულტურის და ზოგჯერ ენის კუთხითაც.  მნიშვნელოვანია, რომ ორივე მთავრობამ, როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის გულდასმით იმუშავა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელშეკრულებაში არ ყოფილიყო რაიმე სამართლებრივი ხარვეზი, რაც შესაძლებლობას მისცემდა კერძო სტრუქტურებს გვერდი აუარონ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ყველა მიმართულებით გამოგვერიცხა იმის ალბათობა, რომ ადამიანებს მოსთხოვენ დამატებით თანხას შუამდგომლები ან სააგენტოები. საპირისპიროდ, ეს არის უშუალოდ მთავრობების  ერთობლივი პროცედურა, რომელიც ძალიან ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება,“ – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ათასი სამუშაო ადგილის კვოტა შესაძლოა მომავალში გაფართოვდეს.

პროგრამაში მონაწილეობის პირობები ასეთია:

სამუშაოს ხანგრძლივობა არის სრული განაკვეთი, 6 სამუშაო დღე კვირაში, 42 საათი კვირაში. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით – 5300 შეკელი (2021 წლის მარტის კურსის შესაბამისად, არის 1600 აშშ დოლარის ექვივალენტი).

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 (სამოცდასამი) თვემდე.

სამუშაო ადგილების კვოტა  – იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ კრიტერიუმებს:

განათლება:

•           საშუალო სკოლა დამთავრებული;

•           სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;

•           ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

ზოგადი მოთხოვნები:

•           საქართველოს მოქალაქე;

•           ასაკი: 25-დან 45 წლამდე;

•           სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა:  არა ნაკლებ 45 კგ;

•           ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;

•           ნასამართლეობის არ მქონე;

•           ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე;

•           არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;

•           არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;

•           კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;

•           კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის  ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით.

სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მუშაობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო https://www.facebook.com/worknet.gov.ge და  ცხელი ხაზი – 1505.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …