პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიზანია, გაუმჯობესდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით ისეთი დაავადებების კუთხით, როგორიცაა ბავშვთა ადრეული განვითარების პრობლემები, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე პრიორიტეტად ცხადდება არაგადამდები დაავადებების მართვა, კერძოდ ჰიპერტენზიის და დიაბეტის.
ამის შესახებ jandacva.ge-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა.
„პირველადი ჯანდაცვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის განვითარების გარეშეც ჯანდაცვაში საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიზნები ვერ მიიღწევა. 2019-2020 წლებში 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვა და გაკეთდა რემონტი. წელს ეს პროცესი გრძელდება. ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც ქალაქად, ისე სოფლად. ქალაქებში სამინისტრომ უკვე განახორციელა სელექტიური კონტრაქტირება და ეს პროცესი გაგრძელდება, რათა სერვისში ხარისხობრივი ელემენტები შემოვიდეს. ევროკავშირის დახმარებით ძალიან მალე დაიწყება ტელემედიცინის პროექტი, რომელიც სოფლად ტელემედიცინის შესაძლებლობების დანერგვის საშუალებას მოგვცემს. ამ კვირაში დაგეგმილია საბჭოს შეხვედრა, სადაც გავივლით ძირითად მიმართულებებს და რეკომენდაციებს, რასაც ჩვენი უცხოელი კოლეგები გვაძლევენ პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით. მთავარი აქცენტი იქნება ხარისხზე და ის საკვანძო სერვისები, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს, მათ შორისაა ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისები, ფსიქიკური ჯანმრთელობა, არაგადამდები დაავადებების მართვის გაუმჯობესება, კერძოდ ჰიპერტენზიის და დიაბეტის. ასეთი იქნება პრიორიტეტები. მომზადდა დეტალური განფასება იმისთვის, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა ეღირება საუკეთესო პრაქტიკა ამ მიმართულებებში და უკვე შემდეგ ეს უკვე აისახება სახელმწიფო პროგრამებში,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.