მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვის განვითარებით საბიუჯეტო თანხები მნიშვნელოვნად დაიზოგება
პირველადი რგოლის გაძლიერება აუცილებელია, რათა პირველ ეტაპზევე იყოს შესაძლებელი დაავადების გამოვლენა, ხოლო ჯანდაცვის განვითარებით დაიზოგება დახარჯული თანხა

პირველადი ჯანდაცვის განვითარებით საბიუჯეტო თანხები მნიშვნელოვნად დაიზოგება

პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. პირველადი ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად გამოცხადდა. რეფორმას ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე გამოეხმაურა.

„ჯანდაცვის რეფორმა როგორც ასეთი არის ერთ ერთი ნომერ პირველი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან კარგია მომხმარებლის (პაციენტის) თვალსაზრისით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნება. ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და გერმანია ვერ ახერხებენ საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევას.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღება, რისი მოთხოვნაც აშკარად იყო საზოგადოებაში, სწორი ნაბიჯია, თუმცა ეს პროცესი დროთა განმავლობაში უფრო მეტ რაციონალიზმს და მეტ პრაგმატიზმს საჭიროებს. ანუ საჭიროა გარკვეული ტრანსფორმაცია ხარჯთეფექტურობის მისაღწევად.

ერთის მხრივ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ ადამიანების მკურნალობა, ვისაც ამის საშუალება არ აქვს და მეორე მხრივ, სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს თვითუზრუნველმყოფ თუ არა, მდგრად სისტემად მაინც, როგორც სოციალური კუთხით, ისე საბიუჯეტო მოცემულობების გათვალისწინებით.

სისტემაში უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები, გაძლიერდეს  და  იყოს მდგრადი, განვითარებაზე ორიენტირებული და ხარჯთეფექტური. სისტემის განვითარებისთვის, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებიდანაც ვხედავთ, უმთავრესი ნაბიჯი არის პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება“, – აღნიშნავს კალანდაძე.

მისი აზრით, პირველად რგოლში, დასავლეთის ქვეყნებში ხარჯების სისტემა, საქართველოსგან  განსხვავებულია.

„ეს რგოლი არის ერთგვარი შემაკავებელი, სადაც მოდის პირველი, ყველაზე დიდი ტალღა. პირველადი ჯანდაცვა არის ერთგვარი ფილტრი, იმისთვის, რომ სწორი მიმართულება და მენეჯმენტი მიეცეს თითოეული ბენეფიციარის ისტორიას. ეს არის ერთგვარი დამცავი, შემაკავებელი, რათა პაციენტი არ მოხვდეს სტაციონარში.

პირველადი რგოლის გაძლიერება აუცილებელია, რათა პირველ ეტაპზევე იყოს შესაძლებელი დაავადების გამოვლენა და მისი სწორი გადამისამართება. ეს გვაძლევს პრევენცის საშუალებას და მთლიანად საზოგადოებაში მცირდება ავადობის ხარისხი. შედეგად გვაქვს დაავადების დროული  გამოვლენა და  სწორი მკურნალობის შედეგად მათი ლოკალიზება.

რაც შეეხება ხარჯტეფექტურობის საკითხს, თუ პირველადი ჯანდაცვა სწორად იქნება დაგეგმილი, მეორე და მესამე რგოლს სისტემაში ნაკლები ხვედრითი წილი ექნება, რაც სახელმწიფო ხარჯეფექტურობას უზრუნველყოფს. ყოველთვის დგას  საბიუჯეტო ხარჯების საკმარისობა პრობლემა.

პირველადი რგოლის სწორი განვითარებით კი საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რაც გვინდა – ანუ მნიშვნელოვნად დაიზოგება სახელმწიფოს მიერ საზოგადოებაზე დახარჯული თანხა, მაგრამ ერთეულ ბენეფიციარზე მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზრდება. სერგეენკომ სწორი აქცენტი გააკეთა და ეს ჩემი აზრით არის მთლიანი სისტემის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის.“– აცხადებს ლევან კალანდაძე.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …