ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო პროფესიონალი გუნდისგან შედგება.
როგორც მინისტრმა აღნიშნულ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით, საყოველთაო ჯანდაცვის ხარისხი გაუმჯობესდება და მინიმალური გახდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან სამკურნალოდ.
„ჩვენ გადავედით მოსამზადებელი ფაზიდან მოქმედების ფაზაზე. გავაფორმეთ თანამშრომლობა პროფესიონალების გუნდთან, რომლებთან ერთადაც საყოველთაო ჯანდაცვის ხარისხს გავზრდით და მინიმალური გახდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ ეძებენ მკურნალობას. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს კონკრეტული ხედვა, სამუშაო გეგმა“, – განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან, სერგენკომ ჯანდაცვის სამინისტროს იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომლებიც აღნიშნული გეგმის განხორციელების პროცესში უნდა გამოსწორდეს.
„ჩვეულებრივ განვითარებად ჯანდაცვის სისტემებში, მოსახლეობის 80% -ის საჭიროებებს აგვარებს ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკა და მხოლოდ 20%-სას – სტაციონარი. ჩვენთან არის პირიქით – 80% პაციენტების მიდიან პირდაპირ სტაციონარში.
ეს ხდება 2 მიზეზით, რომ პირველადი ჯანდაცვა სერიოზულ რეფორმას საჭიროებს და მეორე, რომ ჩვენ ექიმები ვერ ვუხსნით პაციენტებს იმის საჭიროებას, რომ როგორ მიმართონ და მიდიან დაგვიანებით. მეორე მიზეზი, ეს არის სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელიც სამწუხაროდ გადაქცეულია მობილურ აფთიაქად და მობილურ ოჯახის ექიმად.
ახალი სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებას“, – აცხადებს სერგეენკო.
ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ჯგუფთან გრძელვადიან ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოაწერა.