„ქვეყნის ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა მოეწყოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები“.ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე საუბრობს.
ქალბატონო მანანა, რატომ გახდა საჭირო პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა? რამდენად სჭირდება ეს ჯანდაცვის სისტემას, თუ მოსახლებას?
პირველადი ჯანდაცვა რომ ჯანდაცვის სისტემის საფუძველია, ამას მტკიცება არ სჭირდება. საქართველოში ჯანდაცვის რეფორმა ყველა ხელისუფლებამ წამოიწყო, მაგრამ ისინი სწორედ იმიტომ იყო და არის არასრულფასოვანი, რომ არ იყო გათვალისწინებული პირველადი ჯანდაცვის კომპონენტის რეფორმირება.
წინა ხელისუფლების ჯანდაცვის რეფორმა იყო პიარზე აგებული და ამან სწორედ პირველადი ჯანდაცვა აზარალა, „ქართული ოცნება“ კი იძულებული იყო თავის წინასაარჩევნო დანაპირები შეესრულებინა და საყოველთაო ჯანდაცვის დაუყოვნებლივ განხორციელება დაიწყო.შესაბამისად, პირველადი ჯანდაცვისთვის არც დრო დარჩა და არც ფინანსური რესურსები.
ამიტომ, ბუნებრივია დაგვიანებით, მაგრამ მაინც დადგა დღის წესრიგში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა.კარგია, რომ ხელისუფლება დაფიქრდა ჯანდაცვის რეფორმის ნაკლოვანებებზე. პირველ რიგში – ფინანსური დანახარჯების არარენტაბელურობაზე. ხარჯების ასეთ ზრდას სწორედ პირველადი ჯანდაცვის უგულებელყოფა იწვევს.
ცნობილია, რომ პირველადი ჯანდაცვა საგრძნობლად ამცირებს არამხოლოდ ეროვნული ჯანდაცვის ხარჯებს, არამედ, თითოეული პიროვნების ჯანდაცვის ხარჯებასაც. ბევრად იაფია დაავადების თავიდან არიდება, პრევენცია, ადრეულ ეტაპზე მკურნალობა, ვიდრე ძვირადღირებული ოპერაციები და მკურნალობა.
ამ ყველაფერს პირველადი ჯანდაცვა უზრუნველყოფს. მეტსაც გეტყვით: თუ ხელისუფლება დროულად არ უზრუნველყოფს პირველადი ჯანდაცვის მოშლილი სისტემის რეფორმირებას, ბიუჯეტი ვერ გასწვდება საყოველთაო ჯანდაცვის უზომო ხარჯებს.
რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს სამინისტრომ რეფორმის მიმდინარეობისას?
პირველ რიგში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.გავიხსენოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ჯანდაცვის რეფორმამ, სწორედ პირველადი ჯანდაცვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოსპო, რის გამოც შემცირდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ქსელი. დღეს პირველადი ჯანდაცვა სტრუქტურულად, ფუნქციურად და ფინანსურად გაუმართავია.
პირველ რიგში, უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასება, აღვწეროთ რა გვაქვს, მოვახდინოთ ინვენტარიზაცია, მოვახდენოთ პირველადი ჯანდაცვის სფეროს მარეგურილებელი გარემოს გაუმჯობესება და ა.შ. საჭირო იქნება დაფინანსების შესაბამისი მექანიზმის შემუშავება.
ასევე, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. საჭიროა მოსახლეობისათვის ძირითად სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება: ქვეყნის ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა მოეწყოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომელიც მოსახლეობას გაუწევს პირველად სამედიცინო მომსახურებას.
რა ძირითადი გამოწვევები იდგება სამინისტროს წინაშე რეფორმის მიმდინარეობისას?
ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“ ვთვლით, რომ მოსახლეობის დაცვა ჯანმრთელობის გაუარესებისას წარმოქმნილი კატასტროფული ფინანსური რისკებისაგან აუცილებელია, მაგრამ მოსახლეობის შეძლებულ ფენას სახელმწიფო სხვა სახით უნდა უზრუნველყოფდეს.
კერძოდ, საჭიროა კერძო სამედიცინო დაზღვევაზე დამყარებული დაფინანსების მოდელის განვითარება, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს ავადობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისგან და უზრუნველყოფს სამედიცინო სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას.
ჩვენ ვრჩებით ჩვენს აზრზე, რომ აუცილებელია სადაზღვევო სისტემის დანერგვა მთლიანად დასაქმებულ მოსახლეობაში, ხოლო უმწეოთა და უმუშევართა სავალდებულო დაზღვევა უნდა მოხდეს სახელმწიფო წილის მონაწილეობით.
ახლა ამაზე ვრცლად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენს პროგრამაში, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე დევს, ძალიან საინტერესო მოდელი გვაქვს, რომელიც რისკის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს, ათავისუფლებს სახსრებს სხვა სფეროებისთვის, მაგალითად, ახალგაზრდობის განათლებისთვის და ბევრად უფრო პროგრესულია, ვიდრე დღეს არსებული სისტემა.
არა მგონია, სახელმწიფომ ამხელა დანახარჯებს დიდხანს გაუძლოს, ამიტომ ახლავე გვმართებს ამ მოდელის, სხვა, უფრო ეფექტური მოდელით ჩანაცვლებაზე ზრუნვა.