პედიატრი მანანა აბაშიძე პრევენციული მედიცინის მნიშვნელობაზე გვესაუბრა.
„პრევენცია ნიშნავს ოჯახში ფინანსების სერიოზულ დაზოგვას“, – აცხადებს მანანა აბაშიძე. როგორც იგი აღნიშნავს, პრევენცია არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით:
„პირველადი ჯანდაცვა და პრევენცია არის ნომერ პირველი ამოცანა ყველა ქვეყნის სამედიცინო პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ ავადობის ინდექსი იქნება დაბალი. თუმცა ეს ფაქტორი დაკავშირებული არ არის მხოლოდ ჯანმრთელობასთან, არამედ, ადამიანების სოციუმთან, ინტეგრაციასთან, მათ თვითდამკვიდრებასა და განათლებასთან.
ასე რომ, ჯანმრთელობაზე განყენებულად არ უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც პრევენციაზე ვსაუბრობთ. პრევენცია ნიშნავს ჯანმრთელ ფიზიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელი ცხოვრების წესს და კარგ განათლებას, რაც, შესაბამისად, არის წარმატების საწინდარი.
მე ასე ვხედავ ამ საკითხს და ასეც არის. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ნომერ პირველი ამოცანა არის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება საწყის ეტაპზევე, რათა შემდეგ ადამიანს, განვითარების ყველა ეტაპზე, გამოუმუშავდეს სწორი უნარ-ჩვევები. ჯანმრთელობის გამო გაცდენილი დღეები და საათები ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებას ნამდვილად უშლის ხელს“.
მანანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა განავითაროს პირველადი ჯანდაცვა და პრევენციული მედიცინა, თუმცა ამისთვის დიდი სახსრებია საჭირო:
„პრევენცია ნიშნავს ოჯახში ფინანსების სერიოზულ დაზოგვას. ბავშვის უნარ-ჩვევები, მისი განვითარება ფიზიკური თუ ინტელექტუალური, მისი ინტეგრაცია საზოგადოებაში დაკავშირებულია იმასთან, რომ ვიყოთ ჯანმრთელები. პრევენცია კი არის უებარი წამალი, რომ ჯანმრთელი იყო. ამაშია მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის არსი. სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის მოგვარებას ძალიან დიდი ფინანსები სჭირდება.
საერთოდ, რაზეა საუბარი, როდესაც არსებობს სეზონური გრიპის ვაქცინა, თუმცა ექიმთა გარკვეული ნაწილი მის შავ პიარს ეწეოდა. პრევენცია იწყება ყველა სამედიცინო რგოლის პერსონალის სწორი მომზადებიდან და სწორი ხედვიდან. მე ვფიქრობ, რომ კარგი ექიმია ის, ვისი პაციენტიც იშვიათად ავადმყოფობს. მარტო წამლის დანიშვნა არ არის ექიმობა, მას მშობელი ინფორმაციულ ვაკუუმში არ უნდა ჰყავდეს“.