დავინტერესდით რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირველადი ჯანდაცვის გამართულად მუშაობასა და ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობას საზოგადოების სხვადასხვა წევრები.
ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებს ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, შოთა გულბანი გამოეხმაურა. გულბანმა დაწვრილებით მიმოიხილა პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რაც პროგრამის განხორციელებას უნდა მოჰყვეს:
,,რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს გამოვყოფ, რაც დღეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ნამდვილად პრობლემაა. მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რის გაუმჯობესებას ვისურვებდით, ან რა არის მთავარი პრობლემა სამედიცინო მომსახურების სფეროში, მიმაჩნია, რომ ორივე მათგანზე პასუხი იქნება ცალსახა: მედიკამენტების ფასები და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, მედიკამენტების შეძენისას რა ახდენს გავლენას მომხმარებლის არჩევანზე. ვფიქრობ, აქაც პასუხი ცალსახაა – ეს არის ექიმის რეკომენდაცია. ვეჭვობ, მოსახლეობის ინფორმირებულობა მედიკამენტების ხარისხთან, მის წარმომავლობასთან და ვარგისიანობასთან დაკავშირებით იმ დონეზე იყოს, რომ მათ თავად გადაწყვიტონ, რომელი მედიკამენტია მათთვის უმჯობესი. აქ უკვე ვაწყდებით პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესების აუცილებლობას.
ექიმმა, რომელიც პაციენტს რეცეპტს უწერს, არ უნდა ისარგებლოს სხვადასხვა გარემოებით და მას რეალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ რომელიმე ჯენერიკის გამოწერის შესაძლებლობა არსებობს, რომლის ფასი ხელმისაწვდომია და ხარისხიც შესაბამისი, მან ეს უნდა გააკეთოს და არ აიძულოს პაციენტი, მაინცდამაინც ძვირიანი, ორიგინალი შეიძინოს“, – აღნიშნა შოთა გულბანმა.