2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 1994 წლიდან, რომელიც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ყველაზე ძველი მონაცემია. იგივე საქსტატის თანახმად, 2020-ში ქვეყანაში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, 2019, პანდემიამდელ წელს კი 46 659.
შემცირებულია შობადობის მაჩვენებელიც – 2021 წელს ქვეყანაში 45 946 ბავშვი გაჩნდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 46 520-ს შეადგენდა, 2019-ში კი 48 296-ს.
გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა ცალსახად უკავშირდება კოვიდპანდემიას: ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს საქართველოში კოვიდ 19-ით 11300-მდე ადამიანი გარდაიცვალა. სწორედ 2021-ში იყო პანდემიის ყველაზე მძიმე ტალღა, რომლის დროსაც კოვიდპაციენტების გარდაცვალების მაქსიმალურმა დღიურმა მაჩვენებელმა 86-საც კი მიაღწია.