ჩვენი ინვესტიცია ჯანდაცვაში მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, არამედ იმ ხელგაშლილობის მხარდასაჭერად, რომელსაც ქართველები უკრაინელების მიმართ იჩენენ, – ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ ნათანინმა განაცხადა.
როგორც სკოტ ნათანინმა თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალში ყოფნისას აღნიშნა, დაათვალიერა კლინიკა და შეხვდა ხელმძღვანელების შთამბეჭდავ გუნდს, ექიმებს, ექთნებს. მისივე განცხადებით, კლინიკა მსოფლიო კლასის დაწესებულებაა.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალში, რათა ვიხილო აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის თვალსაჩინო შედეგები. ჩვენმა სააგენტომ, განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ 2014 წელს მზადყოფნა გამოთქვა, დაფინანსების სახით გამოეყო 18 მილიონი დოლარი ამ უკიდურესად მნიშვნელოვანი პროექტის მხარდასაჭერად. დღეს ღიაა და მუშაობს ასობით სამედიცინო პერსონალით და ათასობით ადამიანს უწევს ნამდვილად მნიშვნელოვან სამედიცინო დახმარებას. ამაზე უფრო შესანიშნავ დაწესებულებას ვერ წარმოვიდგენდი. ჩვენ მთლიანად დავათვალიერეთ ის, შევხვდი ხელმძღვანელების შთამბეჭდავ გუნდს, ექიმებს, ექთნებს და ვნახეთ დაწესებულება, რომელიც ნამდვილად არის მსოფლიო კლასის. დღეს ასევე გამოვაცხადეთ 800 ათასი დოლარის ოდენობის დახმარების პროგრამის შესახებ ლტოლვილი და დაშავებული უკრიანელების, მოზარდების და ბავშვების მხარდასაჭერად, რომლებსაც კრიტიკული სამედიცინო დახმარება სჭირდებათ უკრაინისთვის ამ საჭირო დროს.
ამაზე მეტად მნიშვნელოვანი დრო ვერ იქნებოდა საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის. ჩვენ აქ მრავალ სექტორში ფართო სპექტრის პროექტების მხარდაჭერის 30-წლიანი ისტორია გვაქვს, თუმცა დღეს აღვნიშნავთ ჩვენს ინვესტიციას ჯანდაცვაში, რაც მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად, არამედ ასევე იმ ხელგაშლილობის მხარდასაჭერად, რომელსაც ქართველი ხალხი უკრაინელების მიმართ იჩენს, მათი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის რთულ პერიოდში“, – განაცხადა სკოტ ნათანინმა.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს სამედიცინო დახმარებას გაუწევს. ჰოსპიტალი პროგრამას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით (DFC) ახორციელებს.
საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია დღეს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ამერიკული მხარის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. საქართველოში ამჟამად 28 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება. სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლა შეეძლებათ იმ უკრაინელებსაც, რომლებიც უკრაინაში ომის პირობებში ვერ იღებენ შესაბამის სერვისს. კლინიკა მათ სთავაზობს ქირურგიულ ოპერაციებს, მოზრდილთა და პედიატრიულ ამბულატორიულ მოვლას, ასევე დიაგნოსტიკურ მომსახურებას. პროგრამის ღირებულება 800 000 დოლარია.
ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფოს დაფინანსებით ამ დრომდე დახმარება ძირითადად გაეწია გადაუდებელი საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეებს, მათ შორის ორსულებს.
„აქამდე სამედიცინო დახმარება, რაც აღმოვუჩინეთ უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, იყო ძირითადად გადაუდებელ აუცილებლობასთან დაკავშირებული, მათ შორის, მშობიარობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სერვისები: ტუბერკულოზი, აივ/შიდსი, აქვე იყო „კოვიდის“ მართვასთან დაკავშირებული საჭიროებები, დიალიზის შემთხვევები გვქონდა საკმაოდ ბევრი. მშობიარობის ციფრების დასახელება გამიჭირდება, თუმცა იყო რამდენიმე. ჯანმრთელი ბავშვები გაჩნდნენ და უკრაინიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა მიიღეს უმაღლესი სერვისი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
1tv.ge-ს ინფორმაცია