50 წელს გადაცილებული ადამიანები „მაიმუნის ყვავილის“ მძიმე მიმდინარეობისგან მეტ-ნაკლებად დაცულები არიან. მიზეზი ისაა, რომ მათ კლასიკური „ყვავილის“ აცრა გაკეთებული აქვთ. ამის შესახებ jandacva.ge-ს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.
მისი განმარტებით, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე, ვიდრე „ყვავილის“ ელიმინაცია, ანუ სრული აღმოფხვრა მოხდებოდა, ამ საშიშ ინფექციაზე აცრები სავალდებულო იყო, მას ადამიანებს ბავშვობაში უკეთებდნენ (ერთ ან ორ დოზად) და, როგორც მთელ მაშინდელ მსოფლიოში, საქართველოშიც იმ პერიოდში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნული ვაქცინა გაკეთებული ჰქონდა. შესაბამისად, როგორც ინფექციონისტი განმარტავს, ეს ადამიანები „მაიმუნის ყვავილის“ მძიმე მიმდინარეობისგან მეტ-ნაკლებად დაცულები არიან, რადგან „მაიმუნის ყვავილი“ „ყვავილის“ ვირუსების ჯგუფის წარმომადგენელია.
რაც შეეხება ჩუტყვავილას ვაქცინას, ალექსანდრე გოგინავას თქმით, არსებული მონაცემებით, ის ყვავილისგან ადამიანს არ იცავს.
გოგინავას თქმით, იმის საფრთხე, რომ ვირუსი საქართველოშიც გავრცელდეს, არსებობს, თუმცა დამაიმედებელია ის, რომ ინფექცია, კოვიდისგან ან გრიპისგან განსხვავებით, სწრაფად არ ვრცელდება.
ინფექციონისტის განცხადებით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, მსოფლიოში ახალი ინფექციების გაჩენა პანდემიის პერიოდში ადამიანების დისტანცირებამ და მათ სტერილურ გარემოში აღმოჩენამ გამოიწვია, რაც იმუნიტეტის დასუსტების მიზეზი გახდა.
იგი აღნიშნავს, რომ მაიმუნის ყვავილი, მართალია, ძირითად შემთხვევებში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ლეტალობის გარკვეული დონე ახასიათებს.
შეგახსენებთ, რომ ყვავილი გასულ საუკუნეში მეცნიერების მიერ, კერძოდ, ვაქცინაციით დამარცხებული ინფექციაა.
„მაიმუნის ყვავილის“ სიმპტომებსა და გადაცემის გზებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
jandacva.ge