მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „40-საათიანი სამუშაო კვირა ადამიანის ფუნქციური ჯანმრთელობისთვისაა საჭირო“ – ბექა ფერაძის განმარტება

„40-საათიანი სამუშაო კვირა ადამიანის ფუნქციური ჯანმრთელობისთვისაა საჭირო“ – ბექა ფერაძის განმარტება

როცა ევროპაზე და ევროპულ მისწრაფებებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ არსად ევროპაში არ გვხვდება კვირაში 48-საათიანი მუშაობის რეჟიმი. ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ იმ ცვლილების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც გარკვეულ სამუშაოზე დასაქმებულთათვის 48 საათის ნაცვლად 40-საათიანი სამუშაო კვირის დაწესებას ითვალისწინებს.

„ცივილიზებული მსოფლიო ჩამოყალიბდა და მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ ადამიანის ფუნქციური ჯანმრთელობისთვის, რათა მას ჰქონდეს ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შესრულებას შორის, აუცილებელია დაწესებული იყოს 40-საათიანი სამუშაო რეჟიმი, რაც განაპირობებს როგორც ადამიანის კმაყოფილებას სამუშაო ადგილზე, ისე მისი შრომის პროდუქტიულობას.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ ეს გრაფიკი გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქტიულობის ზრდას, რაც თავად ამ კომპანიებისთვის ეკონომიკურად სასარგებლოა“- განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით ბიზნესთან მუშაობა წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პროცესის შემდეგ მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელშიც აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები.

საქმე ის არის, რომ შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

სპეციფიკური საქმიანობებიდან აღნიშნული მიმართულებების ამოღება გულისხმობს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …