მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » 31 წლის მშობიარის გარდაცვალების გამო კასპის “მედალფას” 4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატები გაუუქმდა

31 წლის მშობიარის გარდაცვალების გამო კასპის “მედალფას” 4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატები გაუუქმდა

31 წლის მშობიარის დაღუპვის ფაქტზე, 4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატები გაუუქმდა. ამის შესახებ jandacva.ge-სთვის გახდა ცნობილი.

ასეთი ზომა მედიკოსების მიმართ იშვიათი პრაქტიკაა და მხოლოდ მძიმე გადაცდომების შემთხვევაში მიიღება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროფესიული განვითარების საბჭომ 4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

ჯანდაცვის სამინისტრო, კანონმდებლობის გათვალისწინებით, არ ასაჯაროვებს ექიმების ვინაობას და საბჭოს ოქმებს, რომლებშიც მედიკოსების გადაცდომების შინაარსია აღწერილი.

jandacva.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ საქმე ეხება კასპის კლინიკა „მედალფას“ 4 ექიმს, რომლებსაც გარდაცვლილი ქალის ოჯახი პაციენტის გარდაცვალებაში ადანაშაულებდა. ტრაგიკული ფაქტი 2018 წლის ივლისში მოხდა.

ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ გაურკვეველია, რა უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, რომელსაც მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა.

„არანაირი პრობლემები ჩემს შვილს არ ჰქონდა ორსულობის პერიოდში. პირველ საათზე შეიყვანეთ და ოთხ საათზე უკვე გარდაცვლილი იყო. როდესაც შემიყვანეს, უკვე აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. არავინ არაფერს გვეუბნებოდა. ექსპერტიზა მიზეზებს დაადგენს. ჩემი შვილის სიკვდილში ექიმებს ვადანაშაულებ“,-აცხადებდა გარდაცვლილის მამა, სოლომონ ტატანაშვილი.

კლინიკაში კი ამბობდნენ, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა გართულების შემდეგ საკეისროთი გაგრძელდა, რის შემდეგაც სისხლდენას მოყვა პაციენტის გულის გაჩერება.

შეგახსენებთ, რომ “მედალფას” ქსელი კომპანია “ავერსის” მიერაა დაფუძნებული.

კასპის საავადმყოფოში მომხდარის შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებმა  ტრაგიკული ფაქტის დადგომისთანავე დაიწყეს.

პროფესიული განვითარების საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს ექიმთა პროფესიული საქმიანობის შესწავლას. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით საბჭო უფლებამოსილია სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება ან შეუჩეროს გარკვეული ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.

საბჭოს სხდომა თვეში ერთხელ იმართება.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …