მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » 2030 წლამდე საქართველოში კიბოს შემთხვევები გაიზრდება – უახლესი სტატისტიკა

2030 წლამდე საქართველოში კიბოს შემთხვევები გაიზრდება – უახლესი სტატისტიკა

2021 წელს, საქართველოში, კიბოს დიაგნოზით 7388 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის უმეტესი წილი ტრაქეა, ბრონქის, ფილტვის კიბოზე (14%) და სარძევე ჯირკვლის კიბოზე (10%) მოდის.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში კიბოს დიაგნოზი 10432 ადამიანს დაუსვეს.

წინა წელს ეს მაჩვენებელი 10073-ს შეადგენდა.  დაავადების I და II სტადიაზე ორივე სქესობრივ ჯგუფში რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 38.2%; III და IV სტადიებზე – 38.6%, დანარჩენ შემთხვევებში სტადია არ იყო იდენტიფიცირებული.

ქალებში კიბოს 5 ყველაზე მაღალი ავადობის ლოკალიზაციაა: სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი, კოლორექტუმი, საშვილოსნოს ტანი, საშვილოსნოს ყელი. კაცებში კიბოს 5 ყველაზე მაღალი ავადობის ლოკალიზაციაა: წინამდებარე ჯირკვალი, ტრაქეა, ბრონქი, ფილტვი, შარდის ბუშტი, კოლორექტუმი, ხორხი.

2017 წელს დიაგნოსტირებულ კიბოს ყველა ლოკალიზაციისთვის 5-წლიანმა გადარჩენის მაჩვენებელმა 56.3% შეადგინა. პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებელი გვიჩვენებს გარკვეული პერიოდის (მაგ. 5-წლიანი პერიოდი) დასასრულს ცოცხლად გადარჩენილ პაციენტთა პროცენტს.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საპროგნოზო შეფასებებით, 2018-2030 წლების პერიოდში საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 6%-ით მოიმატებს (ქალებში – 5%-ით, კაცებში – 7%-ით).

საერთაშორისო შეფასებებით, საქართველოს მოსახლეობაში კიბოს განვითარების რისკი სიცოცხლის განმავლობაში 40%-ს უტოლდება.

კიბოსგან განკურნების ყველაზე მაღალი შანსი იმ ადამიანებს აქვთ, რომელთა დაავადებაც დროულად იქნება დიაგნოსტირებული. ამიტომ სპეციალისტები მოსახლეობას სკრინინგის აქტიურად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. კიბოს სკრინინგ-პროგრამები ქვეყანაში 2011 წლიდან მოქმედებს და მიმართულია შესაბამის მიზნობრივ პოპულაციაზე: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებისთვის;  პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის კაცებისთვის; კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის მოსახლეობისთვის.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …