ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამის არსებობის მიუხედავად, რომელიც სკრინინგულ კვლევებს სრულად აფინანსებს, კიბოს სკრინინგით მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტი სარგებლობს.
2021 წლის მონაცემებით საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 7,6%-მა, სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 7,3%-მა, მსხვილი ნაწლავის სკრინინგი კი მხოლოდ 1,1%-მა ჩაიტარა .
არსებული გამოწვევების კვალდაკვალ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ძუძუს, მსხვილი ნაწლავის და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის კამპანიას ახორციელებს!
რა კვლევებს აფინანსებს სახელმწიფო, რაში მდგომარეობს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის სარგებელი, როგორ ეხმარება პაციენტებს დროული დიაგნოსტიკა სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და რა აქტივობები განხორციელდა 2022 წლის კიბოს სკრინინგის ეროვნული კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულ თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ ონკოლოგმა და პროფესორმა რემა ღვამიჩავამ ისაუბრა.
პროფესორის განმარტებით სკრინინგი არის ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევა, რადგან ვეძებთ კიბოსწინარე დაავადებას , ან კიბოს პირველზე უფრო ადრეულ სტადიაზე, რადგან აღნიშნულ ეტაპებზეე აღმოჩენილი კიბოს მკურნალობა 100% – იანი შედეგით მთავრდება და როგორც სახელმწიფოსგან თითოეული მოქალაქისგან მინიმალურ მატერიალურ დანახარჯს საჭიროებს
„მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ფუნქციონირებს კიბოს სკრინინგის რამდენიმე პროგრამა, ეს არის ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა, საშვილოსნოს ყელის სკრინინგის პროგრამა და მსხვილი ნაწლავის სკრინინგის პროგრამა. ზოგიერთ ქვეყანაში დამატებით ფუნქციონირებს ფარისებრი კიბოს სკრინინგის პროგრამა და სხვა ლოკალიზაციების სკრინინგი. ეს ლოკალიზაციები არჩეულია იმიტომ რომ , ეს არის ყველაზე ხშირი და დიდი რაოდენობით, ამავე დროს არჩეული უნდა იყოს ის ლოკალიზაცია, რომლის სკრინინგისთვის არჩეული კვლევები მარტივი ჩასატარებელი და ხელმისაწვდომია.
სკრინინგი უფასოა მოსახლეობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ამ თანხების სრული დაფარვა ხდება საქართველოს ბიუჯეტიდან. ნებისმიერი საქმის ხელმისაწვდომობა ორნაირია, ესენია ფინანსური და გეოგრაფიული, ფინანსურ ხელმისაწვდომობას სახელმწიფო იხდის 100% -ით და მოიცავს გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებს, მაგალითად ძუძუს კიბოს შემთხვევაში ეს ასაკი 40-დან 70 წლამდე ქალებში განისაზღვრება, გინეკოლოგიური სკრინინგის შემთხვევაში , ანუ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს და რაც შეეხება მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს და მამაკაცებისთვის წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სკრინინგს ეს არის 50 – დან 70 წლამდე, ასევე თბილისში მცხოვრები მოქალაქეებისთვის , მხოლოდ ქალბატონებისთვის არის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა“, – აღნიშნა რემა ღვამიჩავამ.
ღვამიჩავას თქმით ფინანსური ხელმისაწვდომობა 100% – იანია და სახელმწიფო სრულად ფარავს, მისივე თქმით თითოეული ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები, სკრინინგის პროგრამის გარეშე თითოეული კვლევა დაახლოებით 200 ლარიდან 400 ლარამდე დაჯდება.
„რაც შეეხება გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, აღნიშნული სკრინინგ პროგრამები თბილისში ხელმისაწვდომია, იყო საქართველოს რეგიონები სადაც ეს პროგრამები ხელმისაწვდომი არ იყო და მოსახლეობას სხვაგან წასვლა უწევდათ. ასეთი იყო სამეგრელო სადაც უკვე კერძო სტრუქტურამ, ონკო პრევენციის ცენტრმა დაიწყო პროგრამა და გახსნა ჩეხი კოლეგების მხარდაჭერით თანამედროვე სკრინინგ ცენტრი და ზუგდიდში ხორციელდება აღნიშნული კვლევების სრული სპექტრი და ასევე აღსანიშნავია,რომ არასამთავრობო ორგანიზაცია კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოება, რომელიც კონსორციუმის წევრი გახდა, ევროკავშირის დიდი გრანტის მეშვეობით ლანჩხუთში 2023 წლის მაისში ხსნის გურიაში კიდევ ერთ სვირინგ ცენტრს. საქართველო სრულად დაიფარა და ახლა რჩება, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ ცენტრებს მიმართოს“, – აღნიშნა რემა ღვამიჩავამ.
ღვამიჩავას თქმით საქართველოში მიმართვიანობა დაბალია , მისივე თქმით იმისათვის რომ სკრინინგმა თავისი ეფექტურობა გამოავლინოს მოცვის მაჩვენებელი 60-70% უნდა იყოს, თუმც ა მისივე თქმით ეს მაჩვენებელი საქართველოში 20%-ზეა.
„საჭიროა ოჯახის ექიმების, სოფლის ექიმების განათლება და სწავლება, ოჯახის ექიმმა უნდა იცოდეს რატომ უნდა გააგზავნოს პაციენტი სკრინინგზე, ამას სჭირდება მუდმივი შეხსენება.ნუ დაელოდებით, რომ რამე წამოგტკივდეთ, ჯანმრთელობა დღეს ძალიან ძვირია, ამიტომ სკრინინგი არის ჯანმრთელობის გამოკვლევა, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ავთვისებიანი სიმსივნე ისეთივე განკურნებადია, როგორც ნებისმიერი პათოლოგია. “, – აღნიშნა რემა ღვამიჩავამ.