2020 წელს საქართველოში ფილტვის კიბოს დიაგნოზი 511 მამაკაცს და 89 ქალს დაუსვეს.
ონკოლოგის თამარ ესაკიას განცხადებით, აღნიშნული დაავადება ძირითადად გვხვდება ასაკოვან, 70 წელს გადაცილებულ პაციენტებში
თანმდევი დაავადებების ფონზე.
ამ დაავადების გამომწვევი მიზეზია: მოწევა (აქტიური / პასიურიც) – მას უკავშირდება დაავადების დიაგნოსტირების შემთხვევათა დაახლოებით 80%; გარემოს ეკოლოგიური / რადიაციული ფონის მომატება – განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ურბანული დაბინძურების ადგილებში (აზბესტოსი, გამონაბოლქვი აირები); გენეტიკური წინასწარგანწყობა, ოჯახური ანამნეზი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები (ფქოდი) და სხვა.
კლინიკური ონკოლოგის, თოდუას კლინიკის ექიმის თამარ ესაკიას განცხადებით, ფილტვის კიბოს ახასიათებს არასპეციფიური, ზოგადი ნიშნები (დისკომფორტი და ტკივილი გულ-მკერდის არეში, ხველა, საერთო სისუსტე, წონაში კლება და სხვ.) რის გამოც მისი დროული დიაგნოსტირება ძალიან რთულია. ამიტომ ფილტვის კიბოს შემთხვევათა 80%-ის დიაგნოსტირება ხდება დაავადების შორსწასულ, მეტასტაზურ სტადიაზე, რომელსაც ხშირ შემთხვევებში ახასიათებს არაკეთილსაიმედო გამოსავალი.
„დაავადების ადრეული გამოვლინება და მკურნალობა განაპირობებს მის კეთილსაიმედო გამოსავალს, მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს სკრინინგი, რომელიც გვეხმარება დაავადების ადრეულ გამოვლინებაში. დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია (LDCT) გამოიყენება ფილტვის კიბოს სკრინინგისთვის. მისთვის სწორად უნდა მოხდეს მაღალი რისკის მიზნობრივი პოპულაციის შერჩევა. საერთაშორისო კვლევების მონაცემებით, (აშშ, ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყანა) და ასევე ონკოლოგიური დაავადებების ამერიკული გაიდლაინის მიხედვით (NCCN) , დადგენილია რომ სკრინინგი 20%-ით ამცირებს ფილტვის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილობას,“- აცხადებს თამარ ესაკია.
აღნიშნული დაავადების სამკურნალოდ პერსონალიზებული მედიცინა ინერგება, რომელიც ახალი სიტყვაა ონკოლოგიაში. იგი მოიცავს თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდს: კომპლექსურ გენომურ პროფილირებას (CGP), ამ მეთოდით შესაძლებელია თითოეულ პაციენტში მისთვის უნიკალური მუტაციებისა და ბიომარკერების განსაზღვრა. აღმოჩენილი მუტაციებისა და ბიომარკერების ხარჯზე არსებობს შესაძლებლობა პაციენტს შეურჩიონ ინდივიდუალური და მასზე მორგებული სამკურნალო სქემა.
ინდივიდუალური სამკურნალო სქემა მედიკოსებს დაავადების მკურნალობის საკმაოდ ეფექტურ გამოსავალს აძლევს.
მსოფლიოში ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი (1 590 000 წელიწადში) უტოლდება ძუძუს (522 000), კოლორექტული (694 000) და წინამდებარე ჯირკვლის (307 000) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის გაერთიანებულ მაჩვენებელს.