1980 წლამდე დაბადებული ადამიანებისთვის „მაიმუნის ყვავილი“ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მათი დაბადების პერიოდში ქვეყანაში „ყვავილის“ აცრის გაკეთება სავალდებულო იყო, ეს აცრა კი „მაიმუნის ყვავილისგანაც“ იცავს. ამის შესახებ განცხადება იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა. მისივე განმარტებით, ყვავილის დამარცხების შემდეგ მსოფლიოში ვაქცინაციაც შეწყდა.
ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით კი, მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მატება სწორედ ყვავილის ვაქცინაციის შეწყვეტას უკავშირდება.
ინფექციონისტის განმარტებით, „მაიმუნის ყვავილის“ ფართოდ გავრცელება არაა მოსალოდნელი, ამჟამინდელი შეშფოთება კი იმითაა გამოწვეული, რომ შემთხვევები ენდემური კერის,ანუ აფრიკის მიღმა დაფიქსირდა.
გოგინავას თქმით, თუ საქართველოში ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, პანიკის საფუძველი მაინც არ არსებობს, რადგან ამ დაავადების მართვა მარტივად შეიძლება.
„მოვუწოდებ მოსახლეობას, პანიკას არ აჰყვნენ იმის მიუხედავად, დაფიქსირდება თუ არა საქართველოში „მაიმუნის ყვავილი,““- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
იგი განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც სამოგზაუროდ იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსია გავრცელებული და რომლებსაც მოგზაურობის შემდეგ ატიპიური გამონაყარი გაუჩნდებათ. ასეთ შემთხვევაში, ინფექციონისტის თქმით, მათ ექიმს უნდა მიმართონ.
„თუ ის ადამიანები, რომლებსაც რისკ-ქცევები ჰქონდათ და პლუს სიმპტომატიკა გამოუვლინდათ, დროულად მიმართავენ სპეციალისტს, ხელს შევუშლით ინფექციის გავრცელებას,“ – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
მისი განმარტებით, ადამიანი „მაიმუნის ვირუსით“ შეიძლება დაინფიცირდეს დაინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტური გზით, შეხებით, ასევე წვეთოვანი გზით. ახლა კი მიმდინარეობს კვლევა, გადადის თუ არა ყვავილის ეს ფორმა სქესობრივი გზით.