17 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ (მის: თბილისი, რესპუბლიკის მოედანი #1) ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდითა და კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ეწყობა. ღონისძიება მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას.
კონფერენციაში მონაწილეობენ ექიმი ჰემატოლოგები, ექსპერტები და პაციენტები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეაჯამებენ ჰემოფილიის მართვაში არსებულ სირთულეებზე, პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და და მისი ეფექტურობის შესახებ. ასევე მოწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც.
მოწვეულ საზოგადოებას მიესალმება აკ. კონსტანტინე ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ივანიშვილი, ასევე სიტყვით გამოვლენ ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე, ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის, ექიმი-ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი, ექიმი ჰემატოლოგი კონსტანტინე ჩომახიძე და ფსიქოლოგი დიანა ანთელავა
განიხილება თემები როგორიცაა, ჰემოფილია საქართველოში, გუშინ და დღეს, დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობის განვლილი ეტაპები და არსებული რეალობა,
ჰემოფილიის მკურნალობის მართვაში არსებული სირთულეები, ფსიქოლოგის როლი ჰემოფილიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჰემოფილიის ცენტრის ექიმი, პედიატრ-ჰემატოლოგი თამარ ნადირაძე, საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე და პაციენტები. განიხილება საკითხები, როგორიცაა პროფილაქტიკური მკურნალობა სახელმწიფო პროგრამაში, როგორ აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს პროფილაქტიკური მკურნალობა და სხვა. ასევე მოხდება ქეისების განიხილვა და ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე.
დასასრულს, ჰემოსტაზისა და თრომბოზის ლაბორატორიის ხელმძღვანელის მარინა მდივნიშვილის წიგნის „ჰემოსტაზი სისხლდენითი პათოლოგიები და თრომბოზები“ პრეზენტაცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ჰემოფილიის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი დაინტერესება და ინფორმაციულობის დონის გაზარდა. ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა და ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ქალი კი, მხოლოდ დაავადების მტარებელია. დაავადების მქონე პირებს სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს, როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახების, მეგობრებისა და მომვლელების ცხოვრების ხარისხი.
დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ. აქცენტი კეთდება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტების საზოგადოებაში სრულ ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. პროფილაქტიკუმა მკურნალობამ ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, რაც წინ გადაგმული ნაბიჯია მსოფლიო მედიცინაში, დღეს, პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა რომ კვირაში ერთხელ კანკქვეშ გაიკეთოს საკმაოდ მარტივად მედიკამენტი, რაც შეუყობს ხელს სისხლის შედედებას და პაციენტს სისხლჩქეცევები და სისხლდენა აღარ განუვითარდება“, საქართველოში ჰემოფილიის პროფილაქტიკური მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, რისი დამსახურებითაც პაციენტები ჰემოფილიით გამოწვეული სისხლდენით აღარ იღუპებიან და მათი ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესებულია.
ინფორმაცია დაავადების შესახებ:
არსებობს მითი რომ ჰემოფილია „სამეფო დაავადებაა“ და დაავადებული ადამიანები დაკავშირებულნი არიან სამეფო შტოებთან. მითი მომდინარეობს ფაქტიდან, რომ დედოფალი ვიქტორია სწორედ ჰემოფილიის გენის მტარებელი იყო, შესაბამისად მისი შვილები ჰემოფილიით დაავადებულნი. ჰემოფილიაზე ცნობების არ ქონის გამო კი იმ დროში გავრცელდა მითი რომ ჰემოფილიით დაავადებულნი სამეფო შთამომავლობისანი იყვნენ.
მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს:
· სისხლჩაქცევები
· განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სახსრების შეუქცევადი დაავადებები, რის შედეგადაც დაავადებული, მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდება.
· როგორც სპონტანური ისე ტრავმული სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში დაიწყება
· გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ
საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანია დაავადებული, მსოფლიო სტატისტიკით კით 10 ათას მამაკაცზე ერთი ჰემოფილიით დაავადებულია. დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ამ დაავადებით 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, უკვე არსებობს თანამედროვე შესაძლებლობები, რომლითაც ამ დაავადების დიაგნოსტირება და ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე.