ზოგიერთ კლინიკაში, კოვიდის მართვაში ჩართული მედპერსონალისთვის გამოყოფილი დანამატები ადრესატამდე ვერ მიდიოდა. ამ შინაარსის განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ინტერნეტ-გამოცემა ipress.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ როდესაც კლინიკაში საშუალო ხელფასი 300-400 ლარია, ხელმძღვანელი პირები 20 000 ლარს არ უნდა იღებდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე რეგიონებში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემასთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა:
„ეს პრობლემა, რაც აღნიშნეთ, მარტო მაღალმთიან რეგიონებში არ არის. ბევრგან არის. ესეც დაკავშირებულია მენეჯმენტთან. სოფლის ექიმებსა და პირველად ჯანდაცვის ექიმებს როდესაც ვაფინანსებთ, ვუხდით კლინიკებს და ის კლინიკები თავიანთი ოჯახის ექიმებს. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები როდესაც ჩვენს მიერ გადარიცხული თანხები არასწორად ნაწილდება. როგორც ყველა სხვა სფეროში, სანდოობა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მე რაც აქ ვნახე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს! მაგალითად, ზოგიერთი კლინიკისაგან, ჩვენ რომ კოვიდისთვის დანამატებს ვაძლევდით, რომელიც ექთნებისთვის და ექიმებისთვის უნდა მიეცათ, იქამდე არ მიდიოდა. შრომის ინსპექცია დადის დღემდე საკითხის შესასწავლად. ირღვევა ვალდებულება და აუცილებლად სანქციებს გავატარებთ. როცა კლინიკამ მიიღო კონკრეტული დანიშნულებით თანხა და ექთნამდე არ მიიტანა, ეს სერიოზული პრობლემაა და არაფერში ჯდება.
არ ვიცი, როგორ შეიძლება 300-400 ლარი რომ აქვს ადამიანს ხელფასი, იმას დანამატი არ მისცე და შენ 20 ათასი ლარი დაინიშნო?! და ჩათვალო, რომ ფული, რომელსაც სახელმწიფო მათთვის გაძლევს, შენია?! ეს არ შეიძლება! მიუღებელია! აქედან გამომდინარე, ეს პრობლემები გვაქვს,“ – განაცხადა მინისტრმა ipress.ge-სთან საუბარში.