მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში იყო, არ ემუქრება.

ამ შინაარსის განცხადება იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გააკეთა.

კულუმბეგოვი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში „ბი ეი 5“ ვარიანტია დომინანტური, თუმცა მას უახლოეს პერიოდში „კრაკენი“ ჩაანაცვლებს. კულუმბეროვის განმარტებით, ეს ქვეშტამი ბევრ მუტაციას შეიცავს, მაგრამ ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან

ეს მუტაცია არაა იმ ნაწილში, რომელიც ვირუსის გაძლიერების ან დაავადების სიმძიმისკენ მიმავალი იქნება.

ამიტომ, როგორც იმუნოლოგმა აღნიშნა, არაა მოლოდინი, რომ საავადმყოფოები გადაიტვირთება ან სიკვდილობის მაჩვენებელი გაიზრდება.

„მთავარი მუტაცია განიცადა ამ ვირუსის ადამიანზე მოჭიდების ელემენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ინფექცია გადატანილი მქონდა, დიდი ალბათობაა, რომ რეინფიცირება დამემართოს, რაც არ უნდა დროში მქონდეს გადატანილი წინა კოვიდი. თუ აცრილი ვარ, დიდი ალბათობაა, აცრამ საერთოდ ვერ დამიცვას,“ – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა.

მისივე თქმით, „კრაკენისდომინანტობით კარდინალურად არაფერი იცვლება. რაც შეეხება რეკომენდაციებს, კულუმბეგოვის თქმით, სიმსივნის მქონე პაციენტებმა, ასევე ჭარბი წონის მქონე ადამიანებმა და ასაკოვანმა პირებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სასურველია, გამოიყენონ KN95 ნიღაბი, რადგან ჩვეულებრივი ნიღაბი მათ „კრაკენისგან“ ვერ დაიცავს.

ამასთან, კულუმბეგოვის განცხადებით, თუ გლობალურად შევხედავთ პროცესებს, ჯანმოს ბოლო ანგარიშის თანახმად, რომელიც 28 იანვარს გამოქვეყნდა, 1-28 იანვრის პერიოდში მსოფლიოში ინფიცირების 20 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, რაც წინა თვესთან შედარებით 70%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება მედიკამენტების ეფექტიანობას, კულუმბეგოვის თქმით, „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“ „კრაკენის“ მიმართ კვლავ მაღალეფექტიანია, ასევე არ შეიქმნება პრობლემა „კრაკენის“ ტესტირებით გამოვლენის კუთხით.

ბიძინა კულუმბეგოვი მოუწოდებს ასაკოვან პაციენტებს, სიმპტომების გამოვლენისთანავე გაიტესტონ, ხოლო კოვიდინფექციის დადასტურების შემთხვევაში, ოჯახის ექიმმაც რომ არ უთხრას ამის შესახებ, თავად შეახსენონ, რომ „პაქსლოვიდი“ გამოუწერონ. ეს მედიკამენტი კორონავირუსის გართულებებისგან თითქმის 90%-ით იცავს და განსაკუთრებით აქტუალურია ხანდაზმული ადამიანებისთვის.

 

იხილეთ ასევე

“დიდი აფეთქება” დასასრულს უახლოვდება: ჩინეთში COVID-19-ით გარდაცვალების და დამძიმების შემთხვევები 90%-ით შემცირდა

ჩინეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ით გარდაცვალებისა და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევები 90%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გასულ …