მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ზაზა წერეთელი: ვირუსი შესაძლოა განვითარდეს ახალ, უფრო მავნე ვერსიამდე

ზაზა წერეთელი: ვირუსი შესაძლოა განვითარდეს ახალ, უფრო მავნე ვერსიამდე

საქართველოს მიერ 1 მარტიდან რეგულაციების ნაწილის მოხსნას სოციალურ ქსელში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი ეხმაურება, რომლის თქმითაც, SARS-CoV-2 ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთანაა და როგორც ისტორია გვაჩვენებს, არ გაუჭირდება იპოვოს ახალი გზები მოსახლეობის მასობრივი დაინფიცირებისათვის.

„ცხადია საქართველო ვერ ჩამორჩებოდა ევროპას და კოვიდ „რეგულაციები“ რომლებიც ჰოი საოცრება და თურმე ჯერ კიდევ არსებობდა საქართველოში (რას არ გაიგებს კაცი) მალე მოიხსნება.

მართალია საქართველოსგან განსხვავებით ევროპამ მანამდე უამრავი მკაცრი შეზღუდვა გაატარა, რომელსაც მკაცრადვე აკონტროლებდა, მოსახლეობის 80% ზე მეტი აცრა და 50% ზე მეტიც დააბუსტრა… მაგრამ, ევროპას მაინც ვერ ჩამორჩები..

თუმცა, მაინც ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ “სრული მოდუნების” პირობებში, რომ SARS-CoV-2 ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთანაა და როგორც ისტორია გვაჩვენებს, არ გაუჭირდება იპოვოს ახალი გზები მოსახლეობის მასობრივი დაინფიცირებისათვის. 2019 წლის ბოლოს ორიგინალური შტამიდან ჩამოყალიბებისას და ალფა და დელტა ვარიანტებამდე პროგრესირებასთან ერთად, ის გახდა უფრო ვირულენტური და გადამდები. სამწუხაროდ არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ვირუსი აუცილებლად ევოლუცინირდება უფრო კეთილთვისებიან ფორმამდე, რაც არ არის აუცილებელი. ერთი რაც ნამდვილად ვისწავლეთ ამ პანდემიის დროს არის ის, რომ კორონა ვირუსს აქვს ადაპტაციის არაჩვეულებრივი უნარი – და ის არაპროგნოზირებადია!!!

ყველამ იცის Omicron-ში არსებულ 50-ზე მეტ ახალ მუტაციის შესახებ, თუმცა ისეც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის გენომში არსებული 30000 ბაზის წყვილის შემდგომი მუტაციისა და გადაკეთების შესაძლებლობები ჯერ კიდევ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად გაგვიხარდებოდა, რომ ის გადაიქცეს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსად, როგორც ამას ბევრი საუბრობს, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია გვქონდეს 100% ამის იმედი.

არსებობს ძალიან ბევრი დაუცველი ადამიანი, რომლის ორგანიზმშიც შეიძლება მოხვდეს ვირუსის ევოლუცია, ასე რომ გამორიცხული არაფერია. მსოფლიოში არის რამოდენიმე ასეული მილიონობით იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანი, რომლებიც არა მხოლოდ ძალიან დაუცველნი არიან ინფექციების მიმართ, არამედ შეუძლიათ ვირუსის ახალი შტამის განვითარების შესაძლებლობა მათ ორგანიზმში და შემდეგ სხვების დაინფიცირება. ისე მაგალითად როგორც მოხდა Omicron-ის შემთხვევაში.

ამას ემატება ისიც, რომ მთელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანია არავაქცინირებული და, სავარაუდოდ, წინასწარი ინფექციისგან დაცვის გარეშე. საქართველო ამჟამად 123-ე ადგილზეა მსოფლიოში „სრული ვაქცინაციით“ და ასევა ძალიან ჩამორჩება ყველას ბუსტერ დოზის მიღებით, რომელიც ინარჩუნებს დაცვის მაღალ დონეს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. როდესაც ვირუსი არ არის დაცული, როგორც ეს ახლა ხდება მსოფლიოში, მისი გავრცელება ქმნის ახალი ვარიანტების პოტენციალს.

ამ ახალ მასპინძლებში, ვირუსი შესაძლოა განვითარდეს ახალ, უფრო მავნე ვერსიამდე, რომელიც უკეთესად მიმაგრდება და ფილტვების ნაცვლად სხვა ორგანოებს აინფიცირებს, როგორიცაა გული ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტი,“- წერს წერეთელი.

მისი თქმით, გასაკვირი არ იქნება, თუ მომავალ თვეებში ვიხილავთ სხვა ვარიანტს, რომელიც იმსახურებს ცალკე ბერძნული ასოების აღნიშვნას.

ამასთან, სპეციალისტი პოზიტიურ მხარეებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ალბათ გადავდივართ შედარებით მშვიდ ფაზაზე, შემთხვევების დაბალი რაოდენობით და შეზღუდული მძიმე დაავადებით, რაც წარმოადგენს ვირუსის შეკავებას. თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ ეს არ არის იგივე, რაც პანდემიის დასრულება, როგორც ამას ბევრი ამტკიცებს.

„სამწუხაროდ, როდესაც სახელმწიფოები ან ქვეყნები აცხადებენ, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ ვირუსით და დავასრულოთ ყველა შეზღუდვა, ბევრი ადამიანი ამ გზავნილს ისე განმარტავს, რომ პანდემია რეალურად დასრულდა – სამუდამოდ. ეს არის ფანტაზია, თუ გავითვალისწინებთ ვირუსის უამრავ შესაძლებლობებს, რომ დაგვედევნოს მომდევნო თვეებსა და წლებში.

ჩვენ არაჩვეულებრივად გაგვიმართლა დღემდე, და როგორც არ უნდა ამტკიცონ საქართველოში ანტიკოვიდისტებმა და ანტივაქსერებმა, მსოფლიომ მოახერხა და შეძლო მაღალეფექტური ვაქცინების შექმნა და მილიარდობით ადამიანის აცრა, ვისაც მეცნიერების სჯერა..

იმედი ვიქონიოთ, რომ სიტუაცია უარესისკენ არ შეიცვლება. თუმცა ალბათ მაინც კარგი იქნება ერთხელ მაინც საქართველომ გააკეთოს ის, რაც თითქმის არსდროს გაუკეთებია – ყველაზე ცუდი სცენარისთვის მომზადება, რაც ჩვენი საუკეთესო თავდაცვაა!

დავეთანხმები ზოგიერთი კარგი ეპიდემიოლოგის გამოთქმას – ალბათ უმჯობესია ვიყოთ ჭკვიანები ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ, ვიდრე იღბლიანები,“ – წერს ზაზა წერეთელი.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …