„წითელი ჯვრის“ საშუალებით საქართველო „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათას დოზას სავარაუდოდ ივნისის ბოლოს მიიღებს. ამის შესახებ jandacva.ge-ს საერთაშორისო ორგანიზაციაში განუცხადეს. მათი თქმით, გვარდება ლოჯისტიკური საკითხები და დაპირებულ 100 ათას დოზას ქვეყანა აუცილებლად მიიღებს.
„საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი
ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურ კომუნიკაციაშია ჩინეთის წითელ ჯვართან და საელჩოსთანაც. დაპირებულ დოზებს ქვეყანა აუცილებლად მიიღებს,“ – განაცხადეს ორგანიზაციაში.
იმის შესახებ, რომ „წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს, მიმდინარე წლის 8 მაისს გახდა ცნობილი. მაშინ ითქვა, რომ ვაქცინის ჩამოსვლას ორი კვირა დასჭირდებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება ივნისის ბოლომდე გადაიდო.
საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. ქვეყანაში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, რეგისტრაცია 27 აპრილიდან მიმდინარეობს. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სინოფარმის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა ივნისში ან ივლისის პირველ რიცხვებში შემოვა. ამირან გამყრელიძის განცხადებითვე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია „ფაიზერის“ მილიონი დოზის მიღება.
მისივე თქმით, მესამე კვარტალში „კოვაქსმა“ „ნოვოვაქსის“ 700 000 და „ჯონსონი და ჯონსონის“ 130 000-მდე დოზის მოწოდება დაადასტურა.
„მესამე კვარტალში უკვე განსაზღვრულია, მასობრივი, ინტენსიური აცრები და დღეში დაახლოებით 15 000-16 000 ადამიანი უნდა აიცრას,“ – განაცხადა გამყრელიძემ.