მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » წელს რეფერალურმა პროგრამამ 11 ათასამდე სამედიცინო შემთხვევა დააფინანსა – როგორ ვისარგებლოთ პროგრამით

წელს რეფერალურმა პროგრამამ 11 ათასამდე სამედიცინო შემთხვევა დააფინანსა – როგორ ვისარგებლოთ პროგრამით

2022 წლის 1 იანვრიდან  3 ივნისის ჩათვლით რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 10767 სამედიცინო შემთხვევა, დაფინანსების მოცულობამ შეადგინა 24 458 949,1 ლარი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის მორიგი სხდომა 3 ივნისს გაიმართა, რომელზეც  758 მოქალაქის, მათ შორის 180 ბავშვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

კომისიის გადაწყვეტილებით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო სერვისი, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, ქირურგიული ოპერაციები, მედიკამენტები და დიაგნოსტიკური კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევები.

რეფერალური პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ფინანსდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში).

კომისიურად განიხილება იმ მოქალაქეთა სამედიცინო სერვისების დაფინანსებაც, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არიან საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები; ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების იღებს კომისია სპეციალური შემადგენლობით.

რეფერალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის სხდომა, შესული განცხადებების მიხედვით, ყოველკვირეულად ტარდება. აღნიშნული პროგრამა ფარავს იმ სერვისებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის ან სხვა პროგრამების მიღმაა დარჩენილი.

რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად, ჯანდაცვის მინისტრის სახელზე იწერება განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს  მოთხოვნის ფურცელი, რომელიც გენერირდება სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ მოთხოვნის რეფერალური მომსახურების  მიმართვების ადმინისტრირების მოდულზე ატვირთვისას.

უცხოეთში სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში:

მაძიებლის და წარმომადგენლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ასევე ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმაN IV–100/ა). საზღვარგარეთის კლინიკის მიერ საერთაშორისო ვალუტაში ( დოლარი, ევრო) გაცემული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით   (ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიალურად)  დანახარჯები მითითებულ უნდა იქნეს შემდეგი ჩაშლის მიხედვით: არასამედიცინო მომსახურება (ტრანსფერი, სასტუმრო, თანმხლები პირი  სხვა);

სამედიცინო მომსახურება: (ოპერაციული ჩარევა; კონსერვატიული მკურნალობა; დიაგნოსტიკა; ქიმიოთერაპია;სხივური თერაპია და სხვა.).  ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან მკურნალობისთვის მობილიზებული თანხის დაფიქსირებით.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის დაფინანსების საკითხი განიხილება მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ  შესაბამისი დარგის პროფესიული ასოციაციის ან ექსპერტის წერილობითი დასკვნა  დაადასტურებს, რომ მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის  მიღება საქართველოში  შეუძლებელია. პასუხი ბენეფიციარს სმს-შეტყობინებით ეცნობება.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …