რას გულისხმობს ინსულტის და ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება?
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები შედის.
აღნიშნულ დადგენილებას ემატება დანართი „თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“, რომლის თანახმადაც რებილიტაციაში შედის: ინტერდისციპლინური გუნდური შეფასება, სარეაბილიტაციო მკურნალობის მიზნების დასახვა, საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური გეგმის შედგენა; ექიმის მეთვალყურეობა/ზედამხედველობა; ოკუპაციური თერაპია; ფიზიკური თერაპია; ფიზიკური თერაპია წყალში მხოლოდ ASIA D Score – ამერიკის სპინალური დაზიანებების ასოციაციის შეფასების შკალა (American Spinal Injury Association Impairment Scale. შკალის ელემენტები მოიცავს დაზიანების გრადაციას A-დან (სრული დაზიანება, დაზიანების დონიდან ქვემოთ აღარ არის არც მოტორული და არც სენსორული ფუნქციები) E-მდე (მოტორული და სენსორული ფუნქციები შენარჩუნებულია); ბენეფიციარისა და ოჯახის წევრების განათლება; ფსიქოთერაპია/ფსიქოლოგიური კორექცია; მეტყველების თერაპია; დამხმარე (ადაპტაციური) საშუალებების შერჩევა და მათი გამოყენების სწავლება; სამკურნალო მასაჟი (ლიმფოდრენაჟი).
ამასთან, 100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ სოცდაუცველი ოჯახები, რომელთა ქულა არ აღემატება 70 000-ს; ასევე 2008 წლის ომის შედეგად დევნილად ქცეული ოჯახის წევრები; აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები; გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები, მასწავლებლები; სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები და სხვა კატეგორიის მოქალაქეები.
90%-იანი დაფინანსებით სარგებლობენ ასაკით პენსიონრები, 80%-იანი დაფინანსებით შშმ სტატუსის მქონე პირები; სტუდენტები (მათ შორის, პროფესიული სტუდენტები).
რაც შეეხება რეაბილიტაციის ღირებულებას ერთ მოქალაქეზე, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლისა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის შემთხვევის ღირებულება შეადგენს 4177 ლარს, ხოლო ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის შემთხვევის ღირებულება შეადგენს 5031 ლარს.
იმის შესახებ, რომ ინსულტის და ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის გუშინდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამ მიმართულებით 11 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი.