მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინაციის მოცვით ევროპის 53 ქვეყანას შორის საქართველო 49-ე ადგილზეა

ვაქცინაციის მოცვით ევროპის 53 ქვეყანას შორის საქართველო 49-ე ადგილზეა

COVID-19-ის 732 დღე საქართველოსა და WHO-ს ევროპულ რეგიონში – 11 ციფრი – ამ სახელწოდებით ანგარიშს ჯანმოს ევროპის ბიურო ავრცელებს.

1,605,472

საქართველოში COVID-19-ის შემთხვევათა დადასტურებული რაოდენობა. ერთ მილიონ მოსახლეზე – 432,000 შემთხვევა. საქართველოს WHO-ს ევროპის რეგიონში ინციდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

36,2%

მოსახლეობის პროცენტი, რომელსაც ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვს გაკეთებული ანუ 1,349,953 ადამიანი. WHO-ს ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველოს 49-ე ადგილი უჭირავს.

90%

პროცენტი, რომლითაც სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის მცირდება ჰოსპიტალიზაციის რისკი. სრული ვაქცინაციის შემთხვევაში სიკვდილის რისკი 99,8%-მდე მცირდება. (2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით).

22

COVID-19-ით გარდაცვლილთა საშუალო დღიური მაჩვენებელი, COVID-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე.

0.5 მილიონი

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ევროპის 33 ქვეყანაში 60+ ასაკის 470,000 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.

10,4 მილიარდი

მედ-პერსონალის მიერ გლობალურად ადმინისტრირებული ვაქცინების საერთო რაოდენობა, რომელთაგან 1,4 მილიარდი ადმინისტრირებულია WHO-ს ევროპის რეგიონში და 2,8 მილიონზე მეტი კი – საქართველოში.

10–20%

COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა სრულიად ჯანმრთელდება. მიუხედავად ამისა, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანების დაახლოებით 10-20% აღენიშნება პოსტ-კოვიდური მდგომარეობა ანუ ხანგრძლივი კოვიდი.

43%

საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის 43% განიცდის შფოთვის მნიშვნელოვან დონეს, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე მედ-პერსონალის დაახლოებით 40% აკმაყოფილებს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკურ ზღვარს.

3-დან 1

2021 წლის იანვრიდან მარტამდე, WHO-ს ევროპის რეგიონის ყოველი 3 ქვეყნიდან 1-ში აღინიშნა შეფერხება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისის მიწოდების მხრივ. კიბოს სკრინინგი ყველაზე მეტად შეფერხებულ სერვისებს შორისაა.

4,3 მილიონი

პანდემიამ გაანულა სიღარიბის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები. 2021 წლის ბოლოსთვის WHO-ს ევროპის რეგიონში სიღარიბის დღიურ ზღვარს (5,50 აშშ დოლარი) მიღმა აღმოჩნდა დამატებით 4,3 მილიონი ადამიანი.

საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევიდან 2 წელი გავიდა

ორი წლის წინ, 26 თებერვალს, საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 16 ათასზე მეტ ადამიანს ვგლოვობთ, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ რეკორდულ დროში უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შექმნას და განაწილებას. საქართველოში 2,8 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის ადმინისტრირება მოხდა, რამაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა“, – ამბობს სილვიუ დომენტე, WHO-ს წარმომადგენელი საქართველოში.

ჯანმოს ევროპული ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის დაწყების დღიდან, WHO აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს. „ჩვენ მოვახდინეთ საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღჭურვილობის მიწოდება, სამედიცინო პერსონალის ტრენინგი, მხარდაჭერა კომუნიკაციაში მოსახლეობის ქცევითი მზაობებისა და ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულების კვლევების საფუძველზე, ტექნიკური დახმარების სახით წვლილი შევიტანეთ COVID-19 ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმაში და მასობრივ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ნარჩენების მართვაში,“-ნათქვამია ანგარიშში.

ომიკრონის ტალღა

ანგარიშის თანახმად, ახლა, როცა პანდემიის მესამე წელი იწყება, შევდივართ ახალ ფაზაში, რომელიც ხასიათდება რეგიონში უაღრესად გადამდები ომიკრონ ვარიანტის გავრცელებით დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპისაკენ.

„ომიკრონ ვარიანტი ელვის სწრაფი სისწრაფით ანაცვლებს დელტა ვარიანტს. ევროპის რეგიონში მთლიანობაში, ომიკრონთან დაკავშირებული შემთხვევები ორ კვირაში გაორმაგდა და საქართველოში ახლა COVID-19 შემთხვევების მინიმუმ 95%-ს შეადგენს. არსებობს ნათელი მტკიცებულება, რომ COVID-19 პაციენტთა უმეტესობა, რომლებსაც ინტენსიური თერაპია ესაჭიროებათ, არ არის ვაქცინირებული. ეს ნათლად აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების ვაქცინაცია,“ – აღნიშნავს ჯანმოს ევროპული ბიურო.

ანგარიშშის თანახმად, მათ, ვისაც ხელი მიუწვდება ვაქცინაზე, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა, აუცილებლად უნდა ჩაიტარონ სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინაციის სრული კურსი. ეს არის მთავარი გზა რათა თავიდან ავიცილოთ საავადმყოფოების გადატვირთვა და შევძლოთ COVID-19 და სხვა პაციენტების მკურნალობა.

„ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც ესაჭიროება ვაქცინაცია, ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია ის. ეს იწვევს ვირუსის გადაცემის ზრდას, ახანგრძლივებს პანდემიას და ზრდის ახალი ვარიანტების გაჩენის ალბათობას. მტკიცებულება ნათელია: ვაქცინები აკეთებენ იმას, რისთვისაც ისინი შეიქმნენ: ამცირებენ მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკს ყველა აქამდე გამოვლენილი ვარიანტისაგან,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, იქვე ნათქვამია, რომ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ უსაფრთხოების ზომებიც, რომლებიც ვირუსის გადაცემას ამცირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და გავაძლიეროთ ჯანმრთელობის სისტემები ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად. ომიკრონი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ ვაქცინაციის გარდა,  საჭიროა დავიცვათ ყველა სხვა პრევენციული ღონისძიება – ფიზიკური დისტანცია, პირბადის ტარება დახურულ და ხალხმრავალ ადგილებში, ვენტილაცია და ხელების დაბანა – ინფექციის ტალღის შესაჩერებლად და სამედიცინო პერსონალისა და ჯანდაცვის სისტემების საბაზისო სერვისების დასაცავად.

„თუ ჩვენ მოვარგებთ ამ გამოცდილ პრევენციულ ზომებს ადგილობრივ კონტექსტს და სწრაფად გავზრდით ვაქცინაციის მაჩვენებელს, შეგვეძლება მოვახდინოთ COVID-19-ის მომავალი ტალღების მართვა უფრო მიზანმიმართული და ნაკლებად მკვეთრი ინტერვენციებით.

 

WHO მუშაობს საქართველოსთან ომიკრონ ვარიანტის გავრცელების შესამცირებლად გაძლიერებული ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, ვაქცინაციის, ტესტირებისა და იზოლაციის, კლინიკური მართვისა და ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიების გამოყენებით.

ჩვენ დღეს ბევრად უკეთეს ადგილას ვიმყოფებით, ვიდრე ორი წლის წინ ვიყავით, როდესაც ახალმა მომაკვდინებელმა რესპირატორულმა ვირუსმა ხანგრძლივი და დამანგრეველი გავრცელება დაიწყო საქართველოში. ჩვენ კოვიდით გარდაცვლილი ადამიანების წინაშე ვალში ვართ, რომ ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე, მოვუსმინოთ მეცნიერებას და უკვე გამოცდილი ზომების გამოვიყენოთ, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და სხვები.

ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ გაღებულ უზარმაზარ მსხვერპლს, მათ შორის მის ერთგულ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც გაუძლო კრიზისის სიმძიმეს და განაგრძობს საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე რისკზე წასვლას პაციენტების სამსახურში. მათი და მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა ნებისმიერი პოსტ-პანდემიური გეგმის ცენტრალური ნაწილი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 26 თებერვლიდან მოყოლებული დიდი გზა გავიარეთ, ჯერ კიდევ ნაადრევია იმის ვარაუდი, რომ COVID-19 საქართველოში ენდემური ხდება. ვირუსი რჩება არაპროგნოზირებადი, უაღრესად გადამდები და არავაქცინირებული ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში. დროთა განმავლობაში, COVID-19 შესაძლოა ენდემური გახდეს, მაგრამ ახლა დანებების დრო არ არის. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამ პანდემიის საგანგებო ფაზას 2022 წელს დავასრულებთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან საბრძოლველად ყველა გაერთიანდება – პოლიტიკოსები, ხალხი და მეცნიერები,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …