მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინაციის დაწყებიდან სამი თვის თავზე აცრა მოსახლეობის მხოლოდ 5,7%-ს აქვს გაკეთებული

ვაქცინაციის დაწყებიდან სამი თვის თავზე აცრა მოსახლეობის მხოლოდ 5,7%-ს აქვს გაკეთებული

საქართველოში კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ზუსტად სამი თვის წინ, 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, სამედიცინო მუშაკები უნდა აცრილიყვნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, რომელმაც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. იგი ინფექციურ საავადმყოფოში საჯაროდ, მედიის თანდასწრებით აიცრა.

„მთავარი არ იყო ვაქცინაციის დაწყება, მთავარი იქნება ვაქცინაციის დასრულება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

არა მხოლოდ დამთავრება, ვაქცინაციის პროცესის გაგრძელებაც პრობლემური აღმოჩნდა. იმუნიზაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის აცრის შემდეგ ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ ვაქცინაციის მიმდინარეობა შეაფერხა. მედიკოსების მხრიდან დაბალი აქტივობის ფონზე ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, ეტაპობრივად გაიხსნა.

შემცირებული აქტივობის გაზრდას ჯანდაცვის უწყებები ამ დრომდე ცდილობენ. თუმცა ამ ეტაპზე ქვეყანა ვაქცინის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ვაქცინების ასიათასობით დოზის მიღება საქართველო ივნისის ბოლოდან-ივლისის პირველი რიცხვებიდან დაიწყებს და მომდევნო თვიდან ქვეყნის მასშტაბით მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება. თუ დღეს, დღიურად საშუალოდ 5-6 ათასი ადამიანი იცრება, ივლისიდან ამ რიცხვმა 20-25 ათასი უნდა შეადგინოს, რომ ქვეყანამ იმუნიზაციის საჭირო მასშტაბებს – მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას მიაღწიოს, რაც იმუნიზაციის ეროვნული გეგმითაა გათვალისწინებული. ამ მიზნით დიდ ქალაქებში დიდი ამცრელი ცენტრების შექმნა, ასევე აცრების გასაკეთებლად საგამოფენო და სპორტული დარბაზების გამოყენება იგეგმება.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარში წარადგინა. ამ გეგმის მიხედვით, მაღალი რისკის მქონე პირებისა და სამიზნე ჯგუფების იმუნიზაციის შედეგად, ამ ეტაპზე ქვეყანაში 830 ათასზე მეტი ადამიანი უნდა იყოს ვაქცინირებული. ამ ეტაპზე კი მინიმუმ ერთი დოზა 212163 ადამიანს აქვს მიღებული, რაც მოსახლეობის 5,7%-ია, 2%-მდეა (69,197 მოქალაქე) სრულად, ანუ ორმაგად ვაქცინირებული მოქალაქეების წილი.  თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა შესაძლებელია, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ექიმების ბრიგადების სათანადო რაოდენობის მობილიზება. რაც შეეხება ვაქცინებს, ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანა უახლოეს კვირებიდან დაწყებული, წლის ბოლომდე 3 მილიონ 600 ათას დოზა, 4 სახის ვაქცინას ელოდება, რაც შესაბამისი კონტაქტებითაა გარანტირებული.

მსოფლიოში ამ დრომდე 2,4 მილიარდი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული და 100 ადამიანზე საშუალოდ 31 დოზა მოდის.

ვაქცინაციის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ერთერთ ბოლო, 113-ე ადგილზეა. მასზე უკეთესი მაჩვენებელი რეგიონში აზერბაიჯანს (ინუნიზებულია მოსახლეობის 28%) უარესი კი სომხეთს (1,6%) აქვს.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …