მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, ნიღბის მოხმარების მაჩვენებელი 33%-ია. მონაცემებს ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი აქვეყნებს.
ეს მაჩვენებელი გასული წლის დეკემბრის მონაცემის ანალოგიურია, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად კოვიდ 19-ის საშუალოდ 2-3 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა, გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი კი რამდენიმე ათეული იყო.
ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება ისევ აუცილებელია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური და სრულად მართვადია. მაქსიმალურად შემცირებულია სამედიცინო სექტორის დატვირთვა. მაგრამ რადგან მთელ რიგ ქვეყნებში ადგილი აქვს ეპიდსიტუაციის გაუარესებას – ეს ძირითადად არის აღმოსავლეთის ქვეყნებში – თუ მოქალაქეები დაიცავენ პირბადის ტარების წესს, ამას ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ქვეყანაში ყველაზე დიდი სადღესასწაულო დღეებია.
„ჩვენ თუ ყველაფერი ეს დავიცავით, ვფიქრობ ეპიდსიტუაცია ასე მშვიდად უნდა გაგრძელდეს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მაისიც ასეთი მშვიდი და სტაბილური ეპიდსიტუაციით გავიაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME) არის მოსახლეობის ჯანმრთელობის კვლევის დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვაშინგტონის უნივერსიტეტში, რომელიც იკვლევს მსოფლიოში მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან ჯანმრთელობის პრობლემებს, აფასებს და ადგენს მათი გადაწყვეტის სტრატეგიებს, რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერს ბილ და მერილინ გეითსების ფონდი.
ინსტიტუტი ნიღბის ტარების მაჩვენებელს ითვლის ფეისბუკის კვლევისა და სოციალური გამოკითხვების საშუალებით. გარდა ამისა, ჩვენც, NCDC -ის დაავადებათა კონტროლის ხელშეწყობის დეპარტამენტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით, პერიოდულად ატარებენ სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რაშიც იუნისეფია ჩართული. ამ მონაცემებს შედარებისთვის უგზავნიან IHME- ს.