დაავადების პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. პირველადი ჯანდაცვის რგოლში დაგეგმილ რეფორმას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ლემონჯავა გამოეხმაურა.
„დაავადების მკურნალობა ყოველთვის უფრო რთულია პაციენტისთვის, ვიდრე მისი პრევენცია. პრევენცია და პროფილაქტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჯანდაცვის სისტემაში და ასევე, ყველა სხვა დარგში, გადადგმული ყველა სწორი ნაბიჯი ჩვენთვის მისაღებია“, – აცხადებს ლემონჯავა.
მისი აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ნაწილობრივ გაამართლა. „თუმცა საქართველოს ბიუჯეტისთვის არაადეკვატური თანხები იყო გამოყოფილი ამ მიმართულებით და ამან გამოიწვია გარკვეული საბიუჯეტო ცვლილებები.
ამას ხსნიან იმით, რომ თავიდან სწორად ვერ დაიანგარიშეს და გზადაგზა ახდენენ კორექტირებას. მე ვფიქრობ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისკენ იქნება მიმართული არის კარგი იმ შემთხვევაში, როცა ბიუჯეტიდან ასიგნებები მოხდება ჩვენი ბიუჯეტის პარამეტრების შესაბამისად“, – აცახდებს ლემონჯავა.
„რაც შეეხბა პირველადი რგოლის რეფორმას, ჩემი აზრით, სრულად უნდა დაფინანსდეს კვლევები. გარდა ამისა, გაანგარიშებები საბიუჯეტო წლის განმავლობაში უნდა იყოს ზუსტი, რომ მოხდეს ადეკვატური დაფინანსება.
ძალიან ხშირად არის ნაწილობრივი დაფინანსება და ეს პაციენტისთვის მაინც რჩება პრობლემად. პაციენტი თავისუფალი უნდა იყოს არჩევანში და არ უნდა იყოს რეგიონალურად დიფერენცირებული მკურნალობა.
ანუ, როცა პაციენტი თვლის, რომ ესა თუ ის კლინიკაც შესაბამის მომსახურებას გაუწევს, მას უნდა შეეძლოს მისთვის გამოყოფილი თანხები სწორედ მის მიერ არჩეული კლინიკისაკენ მიმართოს.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულყოფილი ფუნქციონირება საქართველოში. თუმცა, როცა იმდენი შემოსავალი აქვს ადამიანს, რომ შეუძლია საკუთარი დაზღვევისა და ჯანდაცვისათვის საჭირო თანხების დაფარვა, ბუნებრივია, სახელმწიფომ მისი მკურნალობა არ უნდა დააფინანსოს.
თუმცა ხდება ისე, რომ მაღალშემოსავლიანი, უმწეო და დაბალშემოსავლიანი ადამიანები იყვნენ გათანაბრებულნი, რაც არ არის სწორი. უნდა მოხდეს ფენების დიფერენცირება ისე, რომ ვისაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, მას უნდა გაეწიოს ეს დახმარება.
საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს ნაწილობრივ უნდა დაუფინანსდეთ მომსახურება, ხოლო მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს ბიუჯეტის თანხით არ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო.
ის უნდა დაეზღვეს კერძო კომპანიაში და საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანდაცვის ხარჯები თავად უნდა დაფაროს“, – ამბობს დეპუტატი.