მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ვახტანგ კალოიანი: ოჯახის ექიმების განვითარებასა და მათი საქმიანობის კონტროლზე სახელმწიფო არ ზრუნავს

ვახტანგ კალოიანი: ოჯახის ექიმების განვითარებასა და მათი საქმიანობის კონტროლზე სახელმწიფო არ ზრუნავს

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის განვითარებას სათანადო ყურადღება არ ექცევა და სახელმწიფო ამ რგოლის ექიმების კვალიფიკაციაზე არ ზრუნავს.

ამის შესახებ ექიმმა-რეანიმატოლოგმა ვახტან კალოიანმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. jandacva.ge-მ კალოიანს მიმართა შეკითხვით: რით აიხსნება ის, რომ, როგორც ექიმების ნაწილი აცხადებს, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მედიკოსები „პაქსლოვიდს“ სათანადო და ჩვენების შესაბამისი სიხშირით არ უნიშნავენ? შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება ბოლო პერიოდში რამდენიმე სპეციალისტმა გააკეთა. მათ შორის არიან ბიძინა კულუმბეგოვი და ალექსანდრე გოგინავა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ამ მეტად ეფექტიან მედიკამენტს ექიმები ყველა საჭირო შემთხვევაში არ ნიშნავენ.

ვახტან კალოიანი ამ ტენდენციის მიზეზს სისტემურ პრობლემებში ხედავს და ამბობს, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათ მიერ გაწეული საქმიანობის კონტროლზე დღეს სახელმწიფო არ ზრუნავს.

„პაქსლოვიდი ოჯახის ექიმმა უნდა დანიშნოს. მიდით ოჯახის ექიმებთან და კამერის გარეშე კითხეთ, რა სახის ტრენინგები ჩაუტარეს მათ ამ მედიკამენტის დანიშვნის წესების შესახებ? ათასობით ექიმისთვის ონლაინ-ტრენინგის ჩატარება საკმარისი არ არის. თან ტრენინგის ხარისხსაც გააჩნია. გარდა ამისა, არავინ ამოწმებს, თუ როგორ მკურნალობენ ისინი პაციენტებს და რა წამლებს უნიშნავენ. შემოწმებაში არ ვგულისხმობ პოლიციურ დასჯას და სერტიფიკატების შეჩერებას, რასაც რეგულირების სააგენტო ახორციელებს. ასე რომ, პრობლემა სისტემურია და არ შეიძლება, მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ პაციენტები პაქსლოვიდს არ იღებენ, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს დავაკისროთ,“ – აღნიშნა კალოიანმა.

რაც შეეხება იმას, რომ გასულ კვირაში კოვიდ 19-ით გარდაცვალების 8 ფაქტი დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით თითქმის გასამმაგებული მონაცემია, ვახტანგ კალოიანის შეფასებით, ლეტალობის ზრდაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მხოლოდ ერთი კვირის მაჩვენებლით მსჯელობა არაკვალიფიციური მიდგომა იქნებოდა. თუმცა, როგორც მედიკოსი აღნიშნავს, ის, რომ ქვეყანაში კოვიდით 17 ათასამდე ადამიანია გარდაცვლილი, სწორედ არასწორი მართვის შედეგია.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …