მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვახტანგ კალოიანი: „გარდაცვალების შემთხვევებზე არცერთი ანალიტიკა არ დადებულა.  ვხედავთ მხოლოდ პოპულისტურ გამოსვლებს“

ვახტანგ კალოიანი: „გარდაცვალების შემთხვევებზე არცერთი ანალიტიკა არ დადებულა.  ვხედავთ მხოლოდ პოპულისტურ გამოსვლებს“

კორონავირუსით გარდაცვალების მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში სისტემის გაუმართაობაა და არა დელტა შტამის მძიმე მიმდინარეობა- ამის შესახებ რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი აცხადებს.

„ინფიცირებულთა კლების მიუხედავად, სიკვდილობა მაღალი რჩება და ეს მეტყველებს ჯანდაცვის სისტემის პრობლემაზე, მედიკამენტების პრობლემაზე, საინფორმაციო უზრუნველყოფის პრობლემაზე, კოორდინაციის, აპარატურის პრობლემაზე,“- აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

მისი თქმით, შექმნილ მდგომარეობაში ხელისუფლება და ჯანდაცვის მართვის ჯგუფი, საკოორდინაციო საბჭო უნდა იყოს დაკავებული ამ შემთხვევების განხილვით, პროფესიული ანალიზით და დასკვნების გამოტანით, თუმცა, მედიკოსის განცხადებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება მათ შორის კლინიკური ჯგუფი ადგას პოპულიზმის გზას და ახლა ხსნას გვთავაზობს ორ მნიშვნელოვან მედიკამენტში, მაგრამ თუ გამართული არ იქნება ჯანდაცვის სამინისტრო, კლინიკური ჯგუფი, საკოორდინაციო საბჭო და ჰოსპიტლები, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ეს მნიშვნელოვან შეღავათს არ მოგვცემს.

„სამინისტროს ძალიან დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ამაზე, მსჯელობდეს ამ საკითხზე სამედიცინო სექტორთან მუდმივ და უწყვეტ რეჟიმში, მაგრამ სამწუხაროდ პოპულიზმით არიან დაკავებული, განსაკუთრებით კლინიკური ჯგუფი,“- აცხადებს კალოიანი.

მისი განცხადებით,  ორი ახალი მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც ქვეყანა გეგმავს, მნიშვნელობანია და ამას, რა თქმა უნდა, ექნება ეფექტი, თუმცა სათანადო რაოდენობით რომ გვქონდა ტოცილიზუბამი, ამასაც ექნებოდა დადებითი ეფექტი. ამასთან, როგორც რეანიმატოლოგი აღნიშნავს, „გამართული სისტემის გარეშე მხოლოდ ამ მედიკამენტების იმედზე ვერ ვიქნებით.“

„გარდაცვალების შემთხვევების კვლევა და ანალიზი უნდა მიმდინარეობდეს მუდმივად. სამედიცინო აუდიტი და ხარისხის მართვა გულისხმობს ამას და არა ფეისბუქში პოსტების წერას. აუცილებელია შემთხვევების გარჩევა, დაჯგუფება, მიზეზების ანალიზი, დასკვნის გამოტანა და მოქმედება – ესაა სამედიცინო სექტორის და კლინიკური შემთხვევების მართვის კლასიკური სქემა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. არ დადებულა არცერთი ანალიტიკა გარდაცვალებებთან მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ წინასაარჩევნო ლოზუნგებს და პოპულისტურ გამოსვლებს ტელევიზიაში. ჩვენ გვჭირდება გარდაცვალების შემთხვევების პროფესიული, მშვიდი, მიუკერძოებელი განსჯა,“- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

შეგახსენებთ: ოქტომბერში საქართველოში კოვიდის სამკურნაო ორი მედიკამენტი შემოვა – მონოკლონური ანტისხეულები და ბარიციტინიბი.

„„საქართველოში ოქტომბრის თვეში შემოვიტანთ კოვიდის სამკურნალოდ ორ პრინციპულად ახალ მედიკამენტს. ჩვენი მოლოდინია, რომ ამან სერიოზული გარდატეხა უნდა მოახდინოს კოვიდის წარმატებულ მკურნალობაში. კერძოდ, მკვეთრად უნდა შეამციროს ავადმყოფის დამძიმების რისკები, შესაბამისად, რეანიმაციაში მოხვედრილი ავადმყოფების რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი,“- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და კოვიდ 19-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …