მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ვახტან კალოიანი 520-ე დადგენილების შედეგებზე: „ჰოსპიტალური სექტორი საბანკო სექტორისთვის საინტერესო აღარაა“

ვახტან კალოიანი 520-ე დადგენილების შედეგებზე: „ჰოსპიტალური სექტორი საბანკო სექტორისთვის საინტერესო აღარაა“

520-ე დადგენილებამ, რომელიც კარდიოქირურგიისა და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ჰოსპიტალური სექტორისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ცვლილებამ გაზარდა კლინიკების დავალიანება, რამაც მოგების მარჟის შემცირება გამოიწვია, გაიზარდა ვადაგადაცილებული და გაგრძელებული კრედიტების რაოდენობა. კალოიანის შეფასებით, ჰოსპიტალურმა სექტორმა მიაღწია ნიშნულს, როდესაც ის საბანკო სექტორისთვის კრედიტის კუთხით საინტერესო აღარაა.

„ფონდმა “კურაციომ” ჩაატარა კვლევა, სადაც ძალიან მძიმე ფინანსური შედეგებია. ამის უმთავრესი მიზეზი არათანმიმდევრული პოლიტიკაა. ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, უკონტროლო ხარჯები, რაც ყოველწლიურ ბიუჯეტის დეფიციტში გამოიხატება, მოაგვაროს ახალი ველოსიპედის გამოგონებით იმ დროს, როცა განვითარებული სამყარო შეთანხმდა, რა არის გამოსავალი – ესაა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები. ამაზე ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს სამუშაოები ჩატარებული, იყო ტექნიკური დახმარება მსოფლიო ბანკიდანაც. იმის მაგივრად, რომ ამის იმპლემენტაცია გაგვეკეთებინა სისტემაში და სახელმწიფო გამხდარიყო ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოების გარანტი აკრედიტაციის და ლიცენზიის გზით, ის თავად გახდა აქტიური მოთამაშე ბაზარზე და იღებს კონიუნქტურულ გადაწყვეტილებებს. ამის ბევრი მაგალითია, მათ შორის შეტევა კერძო საავადმყოფოებზე, როგორც ამ პრობლემის ძირითად მიზეზზე. მნიშვნელოვანია საკუთრების სხვადასხვა ფორმების არსებობა მათ შორის ჯანდაცვის ბაზარზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხელოვნური და მიკერძოებული. სახელმწიფომ არ უნდა დაკარგოს არბიტრის როლი და არ გახდეს როგორც ფასის დამგდები, ისე ბიზნესის ერთერთი მონაწილე, რაც შეზღუდავს კონკურენციას. ყველა პრობლემა, რაც ექნება ჰოსპიტალს აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. “ – განაცხადა კალოიანმა.

მისი თქმით, სექტორი ხელისუფლებისგან ითხოვს პროგნოზირებადობას, თანმიმდევრობას და იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც მიგვიყვანს ხარჯების გონივრულ კონტროლამდე. ასევე საჭიროა რეფორმა, რომელიც არ გამოიწვევს დავალიანების ზრდას და სამედიცინო  სისტემის კიდევ უფრო არამდგრადობას. ამ მიმართულებით კი, მისი თქმით, ნაბიჯები არ იდგმება.

520-ე დადგენილება  სახელმწიფო  პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს. დადგენილება ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. სამედიცინო მომსახურებებზე სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …