მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » უქმნის თუ არა საყოველთაო ჯანდაცვა სასათბურე პირობებს “მიწისქვეშა”კლინიკებს – სადაა პაციენტი?!
რატომ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც ელემენტარულ ხარისხსაც კი ვერ აკმაყოფილებენ?

უქმნის თუ არა საყოველთაო ჯანდაცვა სასათბურე პირობებს “მიწისქვეშა”კლინიკებს – სადაა პაციენტი?!

“რეანიმაციაში სრული განუკითხაობაა”… “რეანიმაციაში შეყვანამდე ქალს და კაცს ერთ სივრცეში აწვენენ, გატიხრულიც კი არაა”… “საავადმყოფოს კიბეების მოაჯირებზე სარეცხი აქვთ გაფენილი”… “საავადმყოფოს ფანჯრიდან პირდაპი ბენზინგასამართი სადგურის ავზს მიადებ ხელს”… “კლინიკის კარიდან ფეხს რომ გადადგამ, პირდაპირ პროფილაქტიკაში ხარ… “სადღაც მიწისქვეშაა მინუს სართულებზე რეანიმაცია, იქ ჯანმრთელსაც რამე მოუვა, სუნთქვა არ შეიძლება…”

პაციენტები, რომლებიც ამ განცხადებებით მოგვმართავენ, ჯანდაცვის სამინისტროსგან არა მხოლოდ ხელმისაწვდომ, არამედ ხარისხიან მომსახურებასაც ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ სარდაფებსა და მიწისქვეშეთში განთავსებულ კლინიკებში პაციენტების დიდხანს გაჩერება საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთლობას, ამიტომ ცდილობენ, რეანიმაციიდან გამოწერისთანავე ოჯახებში წაიყვანონ, რაც სამომავლოდ, შესაძლოა სარისკოც კი აღმოჩნდეს პაციენტისთვის.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღების შემდეგ, კლინიკები სარდაფებში, მიწისქვეშეთებში, პროფილაქტიკებთან, ბენზინგასამართ სადგურებთან და საერთოდაც, ვისაც სადაც გაეხარდება იქ, სოკოებივით მომრავლდნენ.

რა რეგულაციებით უნდა ხდებოდეს მათი კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და რატომ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამა ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც ელემენტარულ ხარისხსაც კი ვერ აკმაყოფილებენ? ჯანდაცვის სამინისტროს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. უწყება კომენტარს არ აკეთებს.

სტატიაში წარმოდგენილ ფოტოებზე კი კარგად ჩანს, რომ პაციენტების ახლობლების განცხადებები და რეალობა ერთმანეთს ემთხვევა.

მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს, სამაგიეროდ, ხმამაღლა საუბრობენ ამ პრობლემაზე გამოჩენილი ექიმები და წამყვანი კლინიკის მფლობელები. თითოეული მათგანი „აიპრესთან“ საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე.წ „გარაჟებში“ გახსნილ კლინიკებში პაციენტების მიღება კანონით უნდა აიკრძალოს
ფრიდონ თოდუა, (აკადემიკოსიკლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  აკადემიკოს-მდივანი):  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უდავოდ, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. პროგრამამ ბევრ ადამიანს მისცა სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. თუმცა, მუშაობის პროცესში გარკვეული ნაკლოვანებებიც გამოვლინდა:
მოხდა დაბალი შემოსავლების მქონე პირების გათანაბრება მაღალშემოსავლიან ადამიანებთან, რაც თავისთავად არასწორია. მათ შეუძლიათ ჯანმრთელობის დაზღვევა კერძო სადაზღვევო კომპანიებში, ხოლო საყ/ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთავისუფლებული თანხები შეიძლება მოხმარდეთ იმ პაციენტებს, რომელთაც ეს გაცილებით უფრო მეტად სჭირდებათ.
გარდა ამისა, მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს სჭირდება დაავადების დიაგნოსტიკა. მარტო სისხლის და შარდის ანალიზით რომ არ ისმება დიაგნოზი, ეს კარგად ვიცით.  საჭიროა უფრო მაღალტექნოლოგიური ძვირადღირებული კვლევები, რაც იგივე დაბალშემოსავლიან ოჯახებისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული მიდგომა საშუალებას მოგვცემს გადანაწილდეს თანხები ასეთი პაციენტების კვლევების დაფინანსებისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაწესებულებას, რომელიც ნებაყოფლობით გამოთქვამს ამის სურვილს. აქედან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ სოკოებივით გამრავლდა პატარ-პატარა, გაურკვეველი შესაძლებლობების მქონე სამედიცინო დაწესებულებები, რომელთა მატერიალურ-ტექნიკური დონე არანაირად არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, იმ სამედიცინო დაწესებულებების შეაფასება-სერტიფიცირებაზე , რომლებსაც ანდობს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობას, მითუმეტეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
სამინისტრომ აუცილებლად უნდა განსაზღვროს ის კონკრეტული კლინიკები, რომელთაც ძალუძს სრულფასოვანი, ხარისხიანი სერვისების მიწოდება დარომლებთანაც დადებს ხელშეკრულებას.
ეს გააიოლებს ადმინისტრირების პროცესს, წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო იოლი იქნება სახელმწიფოსთვის ურთიერთობა სრულფასოვან, კარგად აღჭურვილ კლინიკასთან, სადაც გარკვეული იქნება ორმხრივი ვალდებულებები სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში. დაცული იქნება, უპირველეს ყოვლისა, პაციენტების ინტერესები.
ანზორ მელია (კლინიკა „გულის“ მფლობელი):  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდეგ, ძალიან ბევრი ემერჯენსი და რეანიმაცია გაიხსნა, რეალურად კი ქვეყანაში მათი  ასეთი სიმრავლის  აუცილებლობა არ არის.
არაერთხელ მითქვამს, მიხედეთ ასეთ საავადმყოფოებს-მეთქი. უხეშად რომ ვთქვათ, როგორც წვიმის შემდეგ ტყეში სოკოები მრავლდებიან, ისე გამრავლდა ეს საავადმყოფოებიც. ხსნიან „პადვლებში“, სადარბაზოებში. მე ჩემს ექიმებს კონფერენციებზე ვეუბნები, რომ სახელმწიფო ფულსაც ისე უნდა გაფრთხილება, როგორც საკუთარ ფულს. ინგლისის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს იმას, რასაც საქართველო უძლებს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი კლინიკა გაიხსნა, რომლებიც მხოლოდ ფულის გაკეთებაზე არიან ორიენტირებულები.
პირდაპირ მივმართე დიმიტრი ხუნდაძეს, სასწრაფო დახმარების მთავარ ექიმს, მცხეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, რომელთაც მანკიერი წრე შექმნეს და მედიცინა ბიზნესის დარგად აქციეს. დავასახელე ეს საავადმყოფოც, რომელიც სარდაფშია გახსნილი.
მინისტრსაც მივწერე. ვუთხარი, რომ ამ პადვალში, სადაც არის ემერჯენსი, რეანიმაცია, ქირურგია, ტრავმატოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია და კიდევ კარდიოლოგია, ულიცენზიოდ აკეთებდნენ კორონოგრაფიებს. მინისტრმა დაავალა შესაბამის ორგანოებს და დააჯარიმეს 10 ათასი ლარით. მერე რა მოხდა? მეორე დღიდანვე ისევ აგრძელებენ ამას. რომ დავრეკე სამინისტროში და ვკითხე რატომ, მათ მითხრეს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ მისცა უფლება კორონოგრაფის აპარატის დაყენებისო. რა აპარატი, რის აპარატი, იმდენი არ უნდა იცოდნენ, რომ „პადვალში“ არ შეიძლება ეს დასხივება?!
ავადმყოფებს უკეთებენ რთულ მანიპულაციებს, საიდანაც ფულს აცოცხლებენ. მე ინტენსიური თერაპიის პალატა საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად მაქვს. ასეთი პალატები ჩემთან საწოლი ღირს 140, როდესაც სხვებთან 300,600,700. აი, მხოლოდ ასეთ კლინიკებში მიჰყავდათ სასწრაფოებს ავადმყოფები და ჩემთან არ მოჰყავდათ. ბოლო სამი კვირაა, რაც ჩემთან დაიწყო სასწრაფომ ავადმყოფების მოყვანა.
ამდენი ემერჯენსია გახსნილი ყველგან, მეტროს თავზე, ბაზრობაზე, მიწის ქვეშ… ამიტომ გავჩერდი, მე მათ ვერ შევებრძოლებოდი.
არ შეიძლება ავადმყოფს, რომელსაც არ სჭირდება მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, ჩათხარო ის მილი, ჩართო და სანამ იმ 15 ათასს არ ამოწურავ, მანამდე არ გამორთავ აპარატიდან. ამას აკეთებენ.
მე ხელს ვადებ ჩემს საავადმყოფოში, სარდაფში გახსნილ კლინიკას, სადაც ყოველდღიურად 70-80 ავადმყოფი მოჰყავთ. შეამოწმონ, ნახონ. მეც შემამოწმონ. ყველაფერი ნახონ. ნახონ სხვაობა.
საყოველთაო პროგრამამ ძალიან დიდი შვება მოგვცა არა მარტო მოსახლეობას, არამედ ჩვენ ექიმებსაც. როდესაც წინა მთავრობის დროს საყოველთაო პროგრამა არ იყო, მაგალითად, შემოდიოდა უეცრად ინფარქტით ადამიანი, რომელსაც ფული არ ჰქონდა, ჩვენც შავ დღეში ვვარდებოდით. უფულოდ ვერ გავუკეთებდით ძვირადღირებულ გამოკვლევებს, მაგრამ სახლშიც ვერ ვუშვებდით და ამ პატრონებთან ერთად ჩვენც განვიცდიდით. სიკვდილიანობა იყო მაღალი. საქართველოში სიცოცხლისუნარიანობის მომატება გააკეთა იმ დროულმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ.
კლინიკა “ევექსის” ხელმძღვანელი, გიორგი მინდიაშვილი „აიპრესთან“ განმარტავს, რომ დაუშვებელია კრიტიკული პაციენტების ისეთ საავადმყოფოებში განთავსება, რომელიც ვერ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს და არ არიან აღჭურვილი საჭირო აპარატურით. მისი განცხადებით, ე.წ გარაჟებში გახსნილ კლინიკებში პაციენტის მიღება კანონით უნდა აიკრძალოს.
გიორგი მინდიაშვილი: ჩემი აზრი ასეთია, რომ როდესაც ხდება ურგენტული პაციენტის მართვა, რომელსაც სჭირდება კრიტიკული სერვისები და ინტენსიური თერაპიის დახმარება, ისევ პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დროული დიაგნოსტირებისთვის, დროული მკურნალობისთვის ეს აუცილებლად უნდა ხდებოდეს ისეთ კლინიკაში, სადაც არის ხელმისაწვდომი ადგილზე სრულყოფილი დიაგნოსტიკური საშუალებები და მეორე მხრივ, სრულყოფილი ქირურგიული სერვისები.
კრიტიკული პაციენტი ისეთია, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება სხვადასხვა რამ დაჭირდეს. პირობითად, შეიძლება, იყოს კარდიოლოგიური პრობლემა, მაგრამ უცბად დასჭირდეს ნევროლოგიური ჩარევა. ამიტომ ასეთი ტიპის პაციენტები აუცილებლად უნდა იმართდებოდე მულტიპროფილური კლინიკებში. იქ, სადაც მათივე უსაფრთხოებისთვის ყველა სერვისი იქნება ხელმისაწვდომი.
აუცილებელია, რომ ე.წ გარაჟებში არ ხდებოდეს ასეთი ტიპის პაციენტების მართვა. ეს აუცილებლად არის დაკავშირებული დაგვიანებულ დიაგნოსტირებასთან იმიტომ, რომ მაგალითად, შეიძლება ადგილზე არ იყოს კატეს საშუალება და უცბად ამბობენ, უი, მოდი გადავამისამართოთ სხვა კლინიკაშიო. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში პაციენტის უსაფრთხოებისთვის არის ძალიან კრიტიკული. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი რამ“,- განაცხადა მინდიაშვილმა.
ზვიად კირტავა (თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის ასოცირებული პროფესორი ): მსგავსი კლინიკების გახსნა აბსოლუტურად მიუღებელია და ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის დანაშაული!
სახელმწიფოში კერძო კლინიკების არსებობა არ ნიშნავს, რომ ეს კლინიკები ნინიას ბაღის პრინციპით უნდა მოქმედებდნენ. ჯანდაცვაში და განათლებაში აუცილებელია რეგულაციები! რეგულაციები და სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს კლინიკას და წესით აქვთ კიდეც, მაგრამ ვინ როგორ აძლევს, ესაა საქმე.
დღეს ზოგი ანესთეზიოლოგი, ტოქსიკოლოგი და რეანიმატოლოგი ბუღალტრებივით 5-10 კლინიკაში არიან გაფორმებული და ფარვანასავით დაფრინავენ ერთი ყვავილიდან მეორეზე. ეს არის მახინჯი პრაქტიკა. უცხოეთში, ფადაუდებელი დახმარების, რეანიმაციის და ტოქსიკოლოგიის განყოფილების გახსნაზე მკაცრი სტანდარტები არსებობს. ჩვენთან კი, მგონი, ძალიან გაიოლებულია ეს საქმე. შედეგი კი სავალალო შეიძლება იყოს. თანაც როცა ასეთი მიკროკლინიკები იხსნება, ტრადიციული დიდი და მრავალპრფილური კლინიკები კარგავენ ავადმყოფს და შესაბამისად – სახემწიფოსგან დაფინანსების მოცულობისგან. ეს კი იწვევს ამ კლინიკებიდან კადრების გადინებას.
ვფიქრობ, ზოგიერთი სახის დახმარება მაინც სახელმწიფო სექტორში არსებულ კლინიკებში უნდა იყოს უფრო მეტად თავმყრილი და სახელმწიფოს მიერ უნივერსალური დაზღვევის სისტემით დაფარული. თორემ მალე იქამდე მივალთ, რომ ყველა კორპუსს თავისი 1-2 საწოლიანი რეანიმაცია ექნება, სადაც ძირითადად ექთანი იქნება მორიგე, ხოლო ექიმი სატელეფონო გამოძახებით. საბოლოოდ კი ეს ამ სფეროს სრულ კომპრომეტირებას გამოიწვევს, რადგან ეს ურთულესი მომსახურებაა და თავის თავში იმასაც გულისხმობს, რომ ამ განყოფილებას გვერდით ექნება მაღალი დონის ლაბორატორია, კომიუტერული ტომოგრაფია, და მრავალი სახის სპეციალისტი – ნევროლოგ/ ნეიროქირურგიდან დაწყებული და ტოქსიკოლოგ/ნეფროლოგით დამთავრებული.“
რას აკეთებს ამ დროს მონიტორინგის სამსახური? როგორია მათ მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგები და საერთოდაც, ვის ხელში არიან პაციენტები? – ამ კითხვებზე პასუხებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …