მძიმე ეპიდვითარების ფონზე, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიუად ინფიცირების 4 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება და 80-მდე ადამიანი იღუპება, გარდა იმისა, რომ აცრების მაჩვენებელი დაბალია, სულ უფრო იკლებს პრევენციის ისეთი მარტივი საშუალების შესრულების მაჩვებენებელი, როგორიც პირბადის გამოყენებაა.
ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 29%-ს შეადგენს, რაც წინა კვირასთან შედარებით 5%-ით შემცირებული მონაცემია.
შეგახსენებთ: ბოლო კვლევის თანახმად, პირბადეების ტარება კორონავირუსის გავრცელებას 53%-ით ამცირებს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიის მონაშისა და ედინბურგის უნივერსიტეტების მკვლევარები. კვლევის თანახმად, სოციალური დისტანციის დაცვა, თავის მხრივ, კორონავირუსი გავრცელების საფრთხეებს მეოთხედით ამცირებს. ხელების რეგულარული დაბანა ასევე 53%-ით ამცირებს დაავადების რისკებს.
კვლევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხელების დაბანას, ნიღბების ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვას კორონავირუსთან ბრძოლაში რეალურად დიდი მნიშვნელობა აქვს.
ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სავალდებულოა, თუმცა შსს აღსრულებისა და ამოღებული ჯარიმების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს.