მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „უნდა ვიცოდეთ, რომ რეგულაციები 5-10 წელი არ შეიცვლება“ – ჰოსპიტალური სექტორი გრძელვადიან სტრატეგიას ითხოვს

„უნდა ვიცოდეთ, რომ რეგულაციები 5-10 წელი არ შეიცვლება“ – ჰოსპიტალური სექტორი გრძელვადიან სტრატეგიას ითხოვს

ჯანდაცვის ასოციაცია სამინისტროსგან ელოდება პასუხს მათ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც კლინიკები ქირურგიისა და რეანიმაციის სტანდარტების ამოქმედების გადავადებას ითხოვენ. აღნიშნული რეგულაციების ამოქმედების ვადად ამ ეტაპზე მიმდინარე წლის სექტემბერია განსაზღვრული.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო კიკნაძემ jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა, მთავარი  საკითხი, რის გამოც კლინიკებისთვის ამ რეგულაციის სექტემბრიდან ამოქმედება პრობლემურია, ინფრასტრუქტურულ გადაწყობას ეხება.

„ყოველ ჯერზე ახალი რეგულაცია შემოდის, რომლის შესახებაც ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე ვიგებთ. ჩვენ აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით კომენტარები უკვე გადავუგზავნეთ სამინისტროს. ნაწილი დაკმაყოფილდა, ნაწილი კი, რაც ინფრასტრუქტურულ გადაწყობას ეხება, პრობლემურია,“ – აღნიშნა კიკნაძემ. მისივე თქმით, სამინისტროს უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია, სექტორმა უნდა იცოდეს, რა რეგულაციები იგეგმება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, რათა ცვლილებები არ იყოს დარგისთვის მოულოდნელი და სექტორმა იცოდეს, რომ დაწესებული რეგულაციები 5-10 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

კითხვაზე, არის თუ არა იმის ნიშნები, რომ სამინისტრო შეიცვლის პოზიციას და გადასწევს რეგულაციების ამოქმედების ვადებს, ნინო კიკნაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ასეთი ნიშნები არ არის.

როგორც ცნობილია, რეანიმაციის და ქირურგიის სტანდარტები ძალაში 2023 წლის 1 სექტემბრიდან შედის.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკა რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

ქირურგიის სტანდარტების თანახმად, სტაციონარის ნებართვა არ გაიცემა დაწესებულებაზე, რომელიც განთავსებული იქნება საცხოვრებელ შენობაში. დეპარტამენტში არანაკლებ 5 ქირურგიული საწოლი უნდა იყოს. პალატაში გათვალისწინებული უნდა იქნას საწოლის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, ქირურგიული ერთეულის ყველა ექიმი-სპეციალისტი  უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 30 ქულას.

ჯანდაცვის ასოციაციაში ამბობენ, რომ ქირურგიის ახალი სტანდარტები დაწესებულებებს პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, ჰოსპიტლების ნაწილს საწოლების რაოდენობის შემცირება მოუწევს, ასევე რთული იქნება რეანიმატოლოგებისა და ექთნების იმ რაოდენობით ზრდა, რასაც ახალი სტანდარტი მოითხოვს. ძველი კლინიკებისთვის კი  პრობლემაა ინფრასტრუქტურის განახლებაც.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …