მართალია, კორონავირუსის ომიკრონის შტამს, არსებული მონაცემებით, მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა მთავარი თავსატეხი არის ის, რამდენად გრძელვადიანი იქნება გართულებები მისი გადატანის შემდგომ. ომიკრონი ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც გამოჩნდა და რა მოჰყვება მას 2-3 თვის შემდეგ, უცნობია, ამიტომ ამ შტამთან მიმართებაში ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი აცხადებს.
ამის თქმის საფუძველს ზაზა წერეთელს კორონავირუსის ის თვისება აძლევს, რომლის თანახმადაც კოვიდგადატანილთა 70%-ს, 5-6 თვის განმავლობაში გვერდითი ნიშნები რჩება.
ამასთან, ზაზა წერეთლის თქმით, სანამ ქვეყანას ეყოლება ისეთი კონტინგენტი, რომლის ვაქცინაციის მოცვა ძალიან დაბალია, დარჩებიან ადამიანის ჯგუფები, რომლებიც ვირუსს მისცემენ საშუალებას, გამრავლდნენ. მედიკოსის განმარტებით, მუტირება სწორედ მაშინ ხდება, როცა ვირუსს მოძრაობის და გამრავლების თავისუფალი საშუალება ეძლევა.
„თუ დააკვირდებით, დელტა და ომიკრონის შტამები წამოვიდა იმ ქვეყნებიდან, სადაც ვაქცინაციის მოცვა ძალიან დაბალი იყო. სანამ არ აიცრება მოსახლეობის დიდი ნაწილი მთელ მსოფლიოში, იმის თქმა, რომ კოვიდის დამარცხებაში წარმატება გვექნება, ნაადრევია. შეიძლება წამოვიდეს სხვა შტამები,“ – განაცხადა ზაზა წერეთელმა.
მისი თქმით, სწორედ ვაქიცნაციის დამსახურებაა, რომ ომიკრონის მიმდინარეობა სუსტია. მისივე განცხადებით, აშშ იწყებს პოლივაქცინის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპს – ესაა ვაქცინა, რომელიც ყველა შტამზე – როგორც არსებულ, ისე შესაძლო შტამებზე იმუშავებს.
იმუნისაციის საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის თქმით, მსუბუქი ომიკრონიც კი შეიძლება გახდეს უკვე არსებული დაავადებების გამამწვავებელი და დიდი საფრთხე რისკჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის. ამიტომ მათთვის არაფერი არ იცვლება, ყველაზე სწორი და ეფექტიანი გზა ამ საფრთხის შემცირებისთვის კი ვაქცინის ბუსტერ-დოზის გაკეთებაა.
პროგნოზს, რომ ომიკრონი 2022 წელს დაასრულებს პანდემიას, არ იზიარებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე.
„ჩვენ არ ვიცით როგორია ამ შტამის გენეზი, მისი განვითარება და გამოსავლები. მზადყოფნის ერთადერთი საშუალება აცრაა. ეს არაა პანაცეა, მაგრამ არის შესაძლებლობა, არ მოვხვდეთ რეანიმაციაში და გარდაცვლილთა რიცხვში, რომელიც 14 ათასამდეა,“ – განაცხადა დევი ტაბიძემ.