ტურისტული სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმიანებიან, რომლის თანახმადაც, ტურისტები ორჯერადად ჩატარებული ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ უნდა გაიტესტონ.
როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ტურისტების ტესტირება რეგულაცია უნდა იყოს და არა რეკომენდაცია.
„მნიშვნელოვანია ტურისტებისგან მოვითხოვოთ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში გვექნება მეტი გარანტია, რომ არ გვაქვს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე. შესაბამისად, ტურისტების გადაადგილება, ვთვლით, რომ გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფართოდაა გაშლილი ტესტირების ცენტრები, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება არის მნიშვნელოვანი და მოხდეს სხვა უწყებების მხრიდან ამის კონტროლი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტი, რომელიც ორჯერადადაა აცრილი საქართველოში დამატებით იყოს გატესტილი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ ეტაპზე ვაქცინირებული ტურისტებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოდიან, მოეთხოვებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული პისიარ ნეგატიური ტესტის წარდგენაც. არავაქცინირებული მოქალაქეების შემთხვევაში კი ტესტის წარმოდგენის გარდა, აუცილებელია მესამე დღეს ტესტის საკუთარი ხარჯით გაკეთება. საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვის კი, ორჯერადი ვაქცინაციის ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, პისიარ-ტესტის არც წარმოდგენა და არც მომდევნო დღეებში მისი ჩატარება არაა საჭირო. ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ-ტესტის ჩატარების და მესამე დღეს მისი განმეორებით ჩატარების ვალდებულება აქვთ საჰაერო გზით ჩამოსულ არავაქცინირებულ ვიზიტორებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში jandacva.ge-ს განუმარტეს, აღნიშნული ინიციატივის განხილვა ხვალ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე იგეგმება.
გიდი ზაზა ჭითანავა ამბობს, რომ აღნიშნული რეგულაცია შეამცირებს ტურისტების ნაკადს, რადგან ეს ტურისტისთვის დამატებითი დისკომფორტი იქნება. ზაზა ჭითანავა ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური კუთხით ქვეყნის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, თუმცა ფაქტია, რომ დამატებითი ვალდებულებები სტუმრების ნაწილს ან გადააფიქრებინებს მოგზაურობას, ან უბიძგებს, სხვა ქვეყანაზე გააკეთონ არჩევანი.
კითხვაზე, არის თუ არა საფრთხე, როდესაც ტურისტების მრავალრიცხოვანი ჯგუფები დახურულ ტურისტულ ობიექტებსა და კვების ობიექტებში პირბადისა და დისტანციის დაცვის გარეშე იმყოფებიან, ზაზა ჭითანავა ამბობს, რომ რთულია ტურისტს სიფრთხილის ზომის დაცვისკენ მოუწოდო, როდესაც ის ხედავს, რომ ირგვლივ ამ ზომებს ადგილობრივები არ იცავენ და ამ კუთხით კონტროლი არ არის.
ახალი რეგულაციების შედეგად ტურისტების ნაკადის შემცირებას პროგნოზირებს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძეც, რომელიც ელოდება, რომ საკოორდინაციო საბჭო მოახდენს დიფერენცირებას, კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან შემოსული ტურისტების ან რომელი ტურისტული სააგენტოს შემთხვევაში დაფიქსირდა გაყალბებული კოვიდპასპორტითა და ტესტებით შემოსვლის ფაქტები და ამის მიხედვით, უშუალოდ ამ ქვეყნებიდან და ამ ტურისტული კომპანიებიდან შემოსული ვიზიტორების შემთხვევაში დააწესებს რეგულაციებს და არა ყველასთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნა, 1 ივლისიდან იხსნება „კომენდანტის საათი“, 22 ივნისიდან კი გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება აღარ მოქმედებს.