როდის დაიწყება ქვეყანაში სელექციური კონტრაქტირების ახალი ეტაპი? შერჩეული სამედიცინო დაწესებულებების პროგრამაში ჩართვა 2022 წლის მარტიდან იყო დაგეგმილი. მანამდე, იანვარში, კი კლინიკებისგან საწოლების შესყიდვაზე განაცხადების მიღება უნდა დაწყებულიყო.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის’’ მიერ პარტნიორ ორგანიზაცია ,,მონაცემთა კვლევის ჯგუფთან’’ ერთად 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
კვლევაში მოცემული ინფორმაციის თანახმად, გასული წლის 7 დეკემბერს სამინისტრომ პროვაიდერებთან განაცხადა სელექციური კონტრაქტირების პროცესის დაჩქარების შესახებ და კლინიკებს შერჩევის კრიტერიუმებიც გაუზიარა. თუმცა 9 დეკემბერს ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა.
კვლევის შედეგების თანახმად, პროვაიდერები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გამკაცრებული რეგულაციები, რათა გაკონტროლდეს ბაზარზე კლინიკების სიჭარბე. „ფარეხებში განთავსებული რეანიმაცია“ იყო ყველაზე ხშირად გამოყენებული ტერმინი, რომლითაც პროვაიდერთა ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ზოგიერთ კლინიკას მოიხსენიებდა. პროვაიდერთა ნაწილი ასევე აცხადებდა, რომ სელექციური კონტრაქტირებისთვის სულ მცირე 5-წლიანი წინასწარ გაწერილი და საჯაროდ ხელმისაწვდომი გეგმა უნდა არსებობდეს, რათა მოქმედ კლინიკებს ჰქონდეთ დრო, დაგეგმონ ბაზარზე თავიანთი მომავალი.
კვლევაში ამ საკითხის კონტექსტში საუბარია ჭარბ საწოლფონდზე, კვლევის თანახმად, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ეს პროცესი ქვეყანაში დააბალანსებს კლინიკების რაოდენობას.
სელექციური კონტრაქტირების შეფასების ნაწილში, კვლევაში ვკითხულობთ:
„სამინისტროს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სელექციური კონტრაქტირების დანერგვისთვის უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. მათი განცხადებით, 2020 წლის მარტიდან სელექციური კონტრაქტირების მექანიზმი უკვე ამოქმედდა პირველადი ჯანდაცვის დონეზე. იმ დროისათვის არსებული 144 პჯდ დაწესებულებიდან მხოლოდ 86 დარჩა პროგრამაში. მოხდა პჯდ სერვისის მიმწოდებელთა ბაზრის გაწმენდა-გაფილტვრა, და ძირითადად განიდევნა მცირე ზომის დაწესებულებები. მათ შორის ე.წ. ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო დაფინანსების მიღების მიზნით დაამატეს ოჯახის ექიმის შტატი და იყვნენ ჩართულები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, თუმცა გაურკვეველი იყო მათ მიერ მოწოდებული მომსახურების მოცულობა და ხარისხი,“ – ნათქვამია კვლევის შედგების ანგარიშში.
მანამდე ჯანდაცვის ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2022-2025 წლებისთვის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის საავადმყოფოების შერჩევის კრიტერიუმები იქნება კლინიკის მრავალპროფილური საქმიანობა და მომსახურების ხარისხი.
შეგახსენებთ, რომ “სელექციური კონტრაქტირება” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი საავადმყოფოების შერჩევას გულისხმობს.
ასოციაციის წევრები აცხადებენ, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ ყველა იმ ინიციატივას, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტის უფლებების დაცვას და საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვას შეუწყობს ხელს.
სელექციური კონტრაქტირება საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა და პირველ ეტაპზე სამშობიაროებს შეეხო. მისი პრინციპი ასეთია: კონტრაქტირება ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კლინიკის ჩართვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლინიკაში წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე (სერვისების სირთულის მიხედვით). პროგრამაში რჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდა, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.
რა პოზიცია აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს აღნიშნული პროცესის გაგრძელების შესახებ – ჯერჯერობით უცნობია.