მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„ბოლო დღეებში ბევრ ქვეყანაში (იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ავსტრალია და სხვ.) აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID გარდაცვალების შემთხვევების მატების ტენდენცია. ზოგადად მსოფლიოში ყოველდღიურად ფიქსირდება COVID-ის 500 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 1500-ზე მეტი გარდაცვალება. ასე მაგალითად, მარტო იაპონიაში ა.წ. 22 დეკემბერს დაფიქსირდა COVID-ის 184 000 ახალი შემთხვევა და COVID-  ისგან გარდაცვალების 339 შემთხვევა. შემაშფოთებელია COVID-ის სიტუაცია ჩინეთში, სადაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით ყოველდღიურად ფიქსირდება ათეულობით მილიონი COVID-ის ახალი შემთხვევა.

საქართველოში COVID-ის ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია.

ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს, ხოლო სიკვდილობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა – სულ 6 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 9 თვის მანძილზე, მათ შორის ბოლო 1 თვის მანძილზეც ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადანგარიშებით საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში,“ – წერს ცერცვაძე და აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში COVID გარდაცვალების ერთეული შემთხვევები დგებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებმაც დაგვიანებით მიმართეს ექიმს.

 

“მივმართავთ მოსახლეობას, არსებული რისკების გათვალისწინებით რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი გამოვლენისთანავე აუცილებლად ჩაიტარონ ტესტირება COVID-ზე რაც შეიძლება მალე და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და მკაცრად შეასრულონ მისი რეკომენდაციები. მყარად უნდა გვახსოვდეს, რომ პირველივე დღეებში დაწყებული ანტივირუსული მკურნალობა (პაქსლოვიდით ან რემდესივირით), სათანადო ჩვენებების შემთხვევაში, პრაქტიკულად იძლევა იმის გარანტიას, რომ არ მოხდება დაავადების დამძიმება, არ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური გამოსავალი,” – წერს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდსტატისტიკა აღარ ქვეყნდება.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …