დაბეჯითებით ვურჩევ ყველა ოჯახის ექიმს, ყველა კოვიდკლინიკას და კოვიდპაციენტებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის მედიკამენტები, რომელთა ეფექტი არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ სერიოზული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) ნებართვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.
„მთელ მსოფლიოში გრძელდება „კოვიდის“ ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების შემთხვევების მატება. ა.წ. 20 ივლისს მსოფლიოში „კოვიდით“ გარდაცვლილთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა (მათ შორის აშშ-ში – 367, ბრიტანეთში – 144, ისრაელში – 27 და ა.შ.). ეს იმათ საყურადღებოდ, ვინც „ომიკრონის“ შტამებით გამოწვეულ „კოვიდს“ სერიოზულად არ აღიქვამს.
საქართველოშიც ბოლო პერიოდში აღინიშნება „კოვიდის“ ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ საბედნიეროდ „კოვიდით“ გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე რჩება მინიმალურ (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ) ნიშნულზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ, არიან ადამიანები (საბედნიეროდ დიდი უმცირესობა), რომლებსაც აღიზიანებთ ეს სიტუაცია?! და ისეთებიც არიან, რომლებიც „კოვიდით“ ავადობის და შესაბამისად გარდაცვალების შემთხვევების მატების დროს ჯანდაცვის სისტემას და ექიმებს ლანძღავენ. ხოლო მაშინ, როცა ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს, ცდილობენ, ეს ფაქტი არ შეიმჩნიონ ან თვლიან, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების დამსახურება კი არ არის, არამედ უბრალოდ გვიმართლებს?! რას ვიზამთ, ეს ადამიანებიც ჩვენი სინამდვილის ნაწილია და მათთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ.
„კოვიდი“ არსად წასულა და სავარაუდოდ კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ „კოვიდთან“ თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილით „კოვიდის“ ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე. ამის გარანტია, ვაქცინაციით მოცვის გაზრდასთან ერთად, (ბუსტერ დოზების ჩათვლით) არის „კოვიდზე“ დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. ბოლო თვეების განმავლობაში არც ერთი კოვიდავადმყოფი, მათ შორის ხანდაზმული ასაკის და/ან მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებიც კი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროულად ჩატარების შემთხვევაში, არ დამძიმებულება და მით უმეტეს, არ გარდაცვლილა.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ომიკრონის“ შტამებით გამოწვეული „კოვიდის“ სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისგან. ამიტომ აუცილებელია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ კოვიდტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და „კოვიდის“ დადასტურების შემთხვევაში, ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვისა და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში, პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მით უმეტეს, არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ „კოვიდის“ პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.
მინდა, დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა კოვიდკლინიკას და კოვიდპაციენტებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“ და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის მედიკამენტები („ივერმექტინი“, „ფლუვოქსამინი“ („ფევარინი“), „ფავიპირავირი“, „კოლხიცინი“ და სხვ.), რომელთა ეფექტი არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ სერიოზული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) ნებართვა. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით კოვიდავადმყოფის სიცოცხლეს“, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პაციენტებისთვის “პაქსლოვიდის” დანიშვნაში არსებულ ხარვეზებზე რამდენიმე დღის წინ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმაც ისაუბრა. მისი თქმით, ექიმების ნაწილი კოვიდ-პაციენტებს „პაქსლოვიდის“ შესახებ ინფორმაციას არ აწვდის. ამიტომ ის კორონავირუსით ინფიცირებულ, რისკჯგუფში შემავალ პაციენტებს მოუწოდებს, მკურნალ ექიმებს შეახსენონ „პაქსლოვიდის“ დანიშვნის შესახებ. „შეგიძლიათ ექიმს დელიკატურად მიანიშნოთ. ამაში ცუდი არაფერია,“ – აღნიშნა იმუნოლოგმა.