მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » თენგიზ ცერცვაძე: მე ვრჩები თანამდებობაზე

თენგიზ ცერცვაძე: მე ვრჩები თანამდებობაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ ცერცვაძემ საქართველოს პირველის არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

კითხვაზე, რჩება თუ არა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე, ცერცვაძემ განაცხადა, რომ რჩება.

ცერცვაძის განცხადებით, მან საზოგადოებისგან უპირობო მხარდაჭერა იგრძნო.

„დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე, არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის  გადადგომის შესახებ ინფორმაცია 4 მაისს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა. თავად ცერცვაძემ მაშინ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ის ნამდვილად ფიქრობდა თანამდებობის დატოვებაზე.

“მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით – ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ).

კერძოდ, მაგალითად ცდილობენ დამაბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი COVID-ის მართვისთვის გამყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში???!!! მაშინ, როდესაც მთელი პანდემიის მანძილზე ჩემი შემოსავალი არცერთი მხრიდან 1 ლარითაც კი არ გაზრდილა. უფრო მეტიც – იმ დანამატსაც კი არ ვიღებდი, რომელიც COVID ავადმყოფებთან მუშაობისთვის მეკუთვნოდა (რათა სხვებს არ დაკლებოდა), მხოლოდ დატვირთვა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე გაიზარდა და თან ძალიან სერიოზულად. და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან არასდროს კანონიერი ჰონორარიც კი არ ამიღია,” – ნათქვამი იყო თენგიზ ცერცვაზის განცხადებაში.

მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განმარტება, რომ მისი განცხადება ინფექციურ კლინიკას არ ეხებოდა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …