ავადმყოფებს მოვუწოდებ, ყველაფერი გააკეთონ და სიმპტომების დაწყებიდან პირველი რვა დღის განმავლობაში მიმართონ კლინიკებს, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში გამოსვლისას განაცხადა.
„ავადმყოფებს მოვუწოდებ, ყველაფერი გააკეთონ, განსაკუთრებით, 60 წელზე მეტი ასაკის და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა, რომ სიმპტომების დაწყებიდან პირველი რვა დღის განმავლობაში მიმართონ კლინიკებს. ამისთვის საჭიროა, ტესტი დროზე გაიკეთონ. ბევრი ტესტს დაგვიანებით იკეთებს. ვთქვათ, 10, ან 15 დღის მერე. ნუ დაელოდებით უკიდურესად დამძიმებას. მოგვმართეთ პირველი რვა დღის განმავლობაში და თქვენ ნახავთ, რამდენად შემცირდება სიკვდილობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, დღეს ოჯახის ექიმების ქსელი და ონლაინკლინიკები ძალიან გამართულად მუშაობს.
„ჩვენი რამდენიმე ოპონენტი რომ ამბობს, ოჯახის ექიმების ქსელი კარგად არ მუშაობსო, ეს დიდი ტყუილია. პრაქტიკულად, ყველა ავადმყოფს ჰყავს ექიმი და არც ერთი ავადმყოფი არ არის ექიმის გარეშე დარჩენილი. საჭიროა, ამ ექიმებს პაციენტებმა დაუჯერონ. როცა ექიმი ავადმყოფს რეკომენდაციას აძლევს, შენ ხარ დამძიმების კანდიდატი, გაქვს დამძიმების რისკები, ან უკვე ხარ დამძიმებული, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ კლინიკას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძემ ასევე განაცხადა, რომ ორჯერადად აცრილებს შორის გარდაცვალების შემთხვევები მინიმალურია.
„ეს არის ერთეული და ჩვენ კლინიკაში არც ყოფილა ასეთი. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალებულებს შორის 98% იყო არავაქცინირებული და მხოლოდ 2% იყო ვაქცინირებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.