მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ტენდენცია საგანგაშოა“ – ივანე ჩხაიძე კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე

„ტენდენცია საგანგაშოა“ – ივანე ჩხაიძე კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები საგანგაშო არ არის, მაგრამ საგანგაშოა ზრდის ტენდენცია – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ იანვარ-თებერვალ-მარტში ომიკრონის BA-1 და BA-2 ქვევარიანტები ცირკულირებდა, ახლა BA-4 და BA-5 შტამებია გავრცელებული. ეს უკანასკნელი კი გადამდებლობით გამორჩეულია არა მხოლოდ კოვიდ 19-ის ქვეშტამებს, არამედ ზოგადად ჩვენთვის ცნობილ ვირუსებს შორის, გარდა წითელასი.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, BA-5-ს აქვს რეინფიცირების გამორჩეული უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის ნებისმიერი გადატანილი ვარიანტი აღარაა გარანტია, რომ ადამიანს კოვიდი არ დაემართება. ჩხაიძის თქმით, სწორედ ამის ეშინიათ ახლა მედიკოსებს. ის ამბობს იმასაც, რომ არასწორია დამოკიდებულება, რომ ესაა მსუბუქი შტამი და ამიტომ მშვიდად უნდა ვიყოთ. მედიკოსის განცხადებით, რისკჯგუფებისთვის – მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისა და ორსულებისთვის – აღნიშნული შტამი გართულებების საფრთხეს წარმოადგენს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვალდებულების მოხსნის მიუხედავად, მართებული იქნება, თუ ადამიანები დახურულ სივრცეში პირბადეს ისევ გამოიყენებენ, რადგან ახალი ქვეშტამის გავრცელების საუკეთესო პირობები სწორედ დახურული სივრცეა.

მისივე თქმით, ზაფხულში იგეგმება ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება, რათა მედიკოსები ჩავიდნენ მოსახლეობასთან, გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები სოფლებში, რაიონებში, მცირე მოსახლეობის მქონე ცენტრებში. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აუცილებელია, მილიონმა ადამიანმა, რომლებსაც 1-2 დოზა ვაქცინა მიღებული აქვს, ბუსტერ-დოზა გაიკეთოს. მისივე თქმით, ინფიცირების მატების ტემპი არის 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე გვქონდა ორი-სამი კვირის წინ, თუმცა ეს არაა მაქსიმუმი და მოსალოდნელია, რომ შემდეგი კვირების განმავლობაში ეს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს.

ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ ინფიცირების მატების შემთხვევაში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ისევ აღდგეს.

ერთი კვირის კოვიდ-სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ცენტრი დღეს გამოაქვეყნებს.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …